Wednesday, March 6, 2024

ალბათ, ახლა მოგონება შემშლის


ვის არ უყვარს თოვლი, თუნდაც ერთხელ,
როცა ფიფქებს ირგვლივ აფრქვევს ფენად?!
წლები გადის, უკვე ვარჩევ ფერებს,
დღეს შავ-თეთრი ვამჯობინე ფერადს.

დღეს მეტია სითბო, ვიდრე წინათ
ზამთარშიც კი მზე იღიმის ცაზე,
ვის არ უყვარს თუნდაც ერთხელ წვიმა,
როცა სევდა ცრემლად ადევს თვალებს?!..

თუნდაც ერთხელ, ვინ არ ხარობს ქარით?!..
ვფიქრობ, უკვე დავემსგავსე შეშლილს…
მომაბეზრა მოჩვენებამ თავი,
ალბათ, ახლა მოგონება შემშლის.

თუნდაც ერთხელ ვის არ უყვარს თოვლი,
როცა ფიფქებს ირგვლივ აფრქვევს თეთრად?!..
ჩემ ფიქრებში ისახები კრთოლვით,
შემდეგ, უმალ, ეგ ფიქრებიც ქრება.

2024

Sunday, February 11, 2024

არ იჩქარო გამოხედვა...

 

ნუ იჩქარებ გამოხედვას
მე ის არ ვარ ვისაც ელი,..
ბარათები ჩემი იყო,
თუმცა ერქვა სხვა სახელი...

ნუ იჩქარებ გამოხედვას
თუ მომაპყრობ უცხო მზერას,
ვიცი, დარდი აღმოგხეთქავს
ვერ მიპოვი, ვინც გსურს, მჯერა.

ვიცი, გინდა რომ ის ვიყო,
ვინც ბარათებს შენთვის წერდა,
თუმცა ის ვარ, ოღონდ ვფიქრობ
სხვა სახელი დამებედა
- არ იჩქარო გამოხედვა!..

...მე მაშინებს შენი ჩრდილი,
ის ნორჩია კონტურებით,
შენს ზურგს უკან, ვით აჩრდილი
ვდგავარ სხეულ-მოდუნებით...

არ იჩქარო გამოხედვა,
ისე წადი, გთხოვ, შორს წადი
ფიქრებმა წყვეს ამბოხება
ვერ ვერევი გათვლილ მანძილს;

შენ ნორჩი ხარ, სულ ნორჩი ხარ,
მე კი ბევრად შენზე დიდი,
იმ ფოტოებს არა ჰგავხარ
ბარათებით რომ გზავნიდი
- არ იჩქარო გამოხედვა!..

ახლა შენკენ მეც ზურგით ვარ,..
ირგვლივ ხალხი მიდი-მოდის...
ვწუხვარ, მაგრამ პაემანი,
ამ ნანატრ დღეს, არ გამოდის!..

Friday, February 9, 2024

დაბრუნება

 

ზამთართან ერთად მეც შემოვაღებ დახურულ კარებს
გეტყვი, ისა ვარ, ვისაც ელოდი და ვინც გიყვარდა
ვიცი, რომ ჩუმად შემავლებ დარდით აღსავსე თვალებს
თვალებს, რომელიც მათი მჯეროდა, მწამდა, მიყვარდა…

ისევ უთქმელად მკითხავს თვალები – არ მოგენატრე?!
ვერცხლისფერ მძივად შავ წამწამებზე ბრწყინავს კურცხალი,
მე დაბრუნება დიდი ხანია დედა, ვინატრე
აჰა, კარს ვაღებ, შენთან ვბრუნდები თავისუფალი.

თურმე სიმართლე გისოსებს უდრის – არ გამეგება,..
მე ხომ ამისთვის არ გავჩენილვარ, არ აღგიზრდივარ,
თუ ხალხისადმი სიყვარულისთვის მომკლეს, მაწამეს,
მე ღვთის წინაშე და შენს წინაშეც კმაყოფილი ვარ…

ზამთართან ერთად მეც შემოვაღებ დახურულ კარებს
მაშინ, როდესაც ალბათ იმ წუთში არვინ მომელის
და სიხარულის ცრემლებით სავსეს ვიხილავ თვალებს,
მაშინ, როდესაც ჩურჩულით გეტყვი – დედა, მოვედი!..

2012

ახალგაზრდობის წლები გამქრალან...

 

ერთ დროს იყო ის ქალი ლამაზი
ყოველ მის მნახველს რომ აოცებდა,
მაგრამ ოდესღაც სახე ლამაზი
ახლა დაფარეს ღრმა ნაოჭებმა…

ერთ დროს იყო ის ქალი ლამაზი
სიყვარულით და სიცოცხლით სავსე,
მაგრამ ოდესღაც მომღიმარ თვალებს
ახლა ტკივილის ცრემლები ავსებს;

ერთ დროს სიცოცხლის ლამაზი სუნთქვა
ნიავს გაჰქონდა ნავარდით ცაში,
ახალგაზრდობის წლები გამქრალან
როგორც დამჭკნარი ფოთლები ქარში…

შევყურებდი და გული დამეწვა
მის სიბრალულით შემეძრა სული
ნეტავ, სად გაჰქრა ის სილამაზე
და სიამაყით აღსავსე გული?!

მაშინ დარდით და სევდით აღსავსე
გული მოიცვა უმალ ფიქრებმა,
ნუთუ, სიცოცხლე ასეთი იყო
ასე არის და ასე იქნება?!

იქნებ არსებობს რაღაც იმედი
და მოლოდინი მომავალ დღეთა,
რომ არ იქნება აღარც სიბერე,
აღარც ტკივილი და აღარც სევდა…

2003

აპრილის წვიმა

 

მე ახლაც მახსოვს, ვიყავით ორნი
(მხოლოდ მე და შენ და გულთა ფეთქვა)
გარეთ ქარბუქში ღელავდა თოვლი
და ფანჯრის მინებს ფერავდა თეთრად;
მე ახლაც მახსოვს აპრილის წვიმა
და ზამბახების ნორჩი სურნელი,
გვგვრიდა სიხარულს, სიყვარულს გვგვრიდა
ყოველი წამი, წუთი ყოველი…
მე ახლაც მახსოვს ცხელი ზაფხული
და შემოდგომის ფოთოლთა ცვენა,
რომ ყოველი დღე იყო ზღაპრული
როცა ვიყავით ჩვენ ორნი ერთად;
ისევ ჩამოთოვს თეთრად ფიფქები
და ისევ მოვა აპრილის წვიმაც,
მჯერა, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდით
რომ ჩვენს სიყვარულს ჟამთასვლა სცდიდა
მაგრამ, დრო იყო ჟამის პასუხი
და ის დღეები ერთად განცდილი,
დღეს წუთებია უკვე წარსულის
და წინ მომავალ წელთა აჩრდილი…

1999

შენ ისე იწვი, როგორც ვენერა...

 

წუხელ, სიზმარში თითქოს დამტოვე
გულისტკივილით ვიგრძენ ვაება
ეჭიდებოდი ცისკრის მნათობებს,
ვით ასპიროზი, ცეცხლის პლანეტა.
ჟინი ქალური სულისკვეთების
როგორც ვულკანი შენში ფეთქავდა,
სიმბოლოდ იქეც თავისუფლების
და ეს ნიშანი ცაზეც ელავდა.
გული აღმეძრა შურისძიების,
ჩემთვის მინდოდი, თუნდაც მნათობად
და ცეცხლოვანი მზერა მთიების
მე გულს მიკლავდა სხვებს რომ ათბობდა.,
მაგრამ, კანონი ჩვენს ერთად ყოფნის
ღმერთმა მარადისს ჯაჭვად აქცია
თუ მოთმინება კარგო არ გვყოფნის
გვერდს ვერ ავუვლით გრავიტაციას…
და მაინც… იცი, ჩემგან გაქცევით
ამ სამყაროში თავს ვერ გაიტან,
შენი გავლენით, ჩემი გავლენით
შენ ვენერა ხარ, მე – დედამიწა!..
წუხელ ვიხილე მე შენი წასვლა
გეგეგებოდა ლურჯი ცისკარი
და გამიხარდა, ეს ყველაფერი
მხოლოდ და მხოლოდ დარჩა სიზმარი.
და მეც დავაცხრე ჩემი ვენდეტა…
ჩუმად გიცქერდი, როგორც მსტოვარი
შენ კი იწვოდი, როგორც ვენერა,
ვენერა, მწუხრის ცის მეგობარი.

2020

თურმე ოცნებაც გადამდებია...

 

ჩემი ოცნება ტყე და ველია, . .
მე მახსოვს ის დღე, ვით ითქმის გუშინ
გაზაფხულიც კი გადამდებია,
როცა ტყის პირას ყვავილობს ნუში. . .

ჩემი ოცნება ზღვა და მთებია,
ნარინჯისფრად რომ ღელავს დაისი. . .
მთების სურნელიც გადამდებია,
როცა გაზაფხულს ახლავს მაისი.

ჩემი ოცნება ვიწრო გზებია. . .
მსურს, რომ გავკაფო გზები უვალი
გულს სიყმაწვილე გადამდებია
და მეც მთებს ვსერავ თავისუფალი. . .

ჩემი ოცნება, ახლა ჩვენია. . .
დღეს ერთად ვსერავთ ამ მთებს, ამ ველებს. . .
თურმე ოცნებაც გადამდებია
გაზაფხულივით სულს რომ ამშვენებს! . .

2021

Monday, February 5, 2024

თეთრი ვარდები

 

ბაღში ტიროდნენ თეთრი ვარდები
მიტოვებულნი ყველასგან თითქოს,
ძირს ეშვებოდნენ ცრემლთა ლანდები
ვერ პოულობდნენ დაკარგულ სითბოს…

ბაღში ტიროდნენ თეთრი ვარდები
და მათ შემყურეს გული მეწვოდა
ნუთუ ამ ქვეყნად თეთრ ვარდთა გლოვა
და მათი კვნესა არვის ესმოდა?!

იქნებ სულ სხვაა ხედვა პოეტის
და სულ სხვა არის მისთვის სამყარო,
იქნებ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი
თეთრო ვარდებო, რომ შეგიყვაროთ…

მაგრამ, ვაი რომ მე ამ სიყვარულს
სამარადჟამოდ ვერ დაგპირდებით,
თქვენ დღეს გაქრებით, ხვალ ისევ მოხვალთ
ხვალ, როცა ქვეყნად მე არ ვიქნები…

მაშინ, ალბათ აქ სულ სხვა გიპოვით
იქნებ უმანკო, პატარა ბავშვი,
ბინას დაიდებს, მოგეფერებათ
ცვარით დანამულ თეთრ ვარდებს ბაღში

თქვენც თავს დაუხრით და ჰპოვებთ სითბოს,
სითბოს, რომელიც მე ვერ მოგეცით
თეთრო ვარდებო ნუ დამიტირებთ
მეტად თუ თქვენთან ვეღარ მოვედი

ჩემთვის სულ სხვაა ეს დედამიწა
და პოეტური ჟინით სამყაროს
წუთით განვშორდი, თქვენთვის რომ მეთქვა
თეთრო ვარდებო, მსურს შეგიყვაროთ!

მაგრამ, ვაი რომ მე ამ სიყვარულს
სამარადჟამოდ ვერ დაგპირდებით
თქვენ დღეს გაქრებით, ხვალ ისევ მოხვალთ,
ხვალ, როცა ქვეყნად მე არ ვიქნები…

1998

გურიაა ჩემი ანი-ბანი

 

მე ყველაფერს თითქოს ახლა ვხვდები
თითქოს ვიშვი ხელმეორედ ქვეყნად,
მესმის სუნთქვა შორით ცისფერ მთების
მათრობს მზერა ყვავილების ფერთა…
შორს მიცურავს თეთრი იალქნებით
ლურჯ ზეცაზე თოლიების გუნდი
და ზღვის ფონზე წითელ გაელვებით
აფრქვევს სხივებს მზე, ვით იაგუნდი.
დღე, რატომღაც უეცარი ტეხვით
გადაიქცა ღამისეულ სიზმრად
მე ამ ლამაზ სიზმარისთვის ვკვდები,
ვკვდები, რათა ხელმეორედ ვიშვა…
აქ სულ სხვაა სუნთქვა შემოდგომის
სულ სხვა არის გლეხი კაცის გულიც,
ვაზის ძირში მოტეხილი პური
და სიმღერა კუთხურ კრიმანჭულის…
ღელის პირზე დაჭერილი თევზი
დილის სუნთქვა ცივი, საამური,
ჭალის ფერდზე გაწოლილა მწყემსი
კვნესის, ოხრავს, მოთქვამს სალამური…
მიყვარს შენი გამოხედვა მთების
ქედმაღლური მზერა ამაყ თვალთა,
რომ სუნთქვა ხარ ბრძენი შემოქმედის
სუნთქვა ხევში მოშრიალე ქართა…
ტყის სიჩუმე შენი ისევ მიხმობს
ამ სიჩუმის კარგად მესმის ენა,
პოეტის გულს ფოთლებიდანც იპყრობს
ფრინველების საოცარი სტვენა
და მეც მსურს, რომ კალმით მივცე ბანი
მხარეს, სადაც გავჩნდი მე ამ ქვეყნად
გურიაა ჩემი ანი-ბანი,
სამშობლო კი ჩემი დედა ენა!

2001

წუთისოფელი

 

ამაოება დაეტყო სოფელს…
წუთიერია წუთისოფელი…
გთხოვთ ნუ დამიკრავთ სევდიან ნოტებს
მე ხომ ამ ქვეყნად წუთით მოვედი…

მოვედი, რომ ვთქვა თუნდ ერთი სიტყვა
აზრი არ აქვს ვინ ვარ, ვინა ხარ,
ადამიანო შექმნილო ღვთისგან
ზოგჯერ მტერი ხარ, მაგრამ მიყვარხარ…

ანგელოზთა ხმით რომც მოგეფერო
მკრეხელობასაც დამწამებ უმალ,
წარღვნით წაშლილო ტკბილო ედემო
კარი გაუღე უცოდველ სტუმარს.,

თუმც, უცოდველი არა ვარ ვიცი
მეც ხომ ცოდვილი ადამის ძე ვარ,
ბევრჯერ გავტეხე ცოდვილმა ფიცი
ახლა მოკვდავთა საფლავში ვწევარ…

მე მწამს აღდგომის… მე მწამს სიციცხლის…
სასწაულებსაც ვიწამებ თუმცა,
მე მწამს იმ წმინდა ძველი მირონის
დავითს რომ ეცხო უფლისგან მუდამ…

მე მწამს ნდობის და მეგობრობის
მწამს ერთგულება და სიყვარული
მძულს ამბიცია ტახტის, მეფობის
მძულს ეგოიზმი, ვნება ფარული…

მე უბრალო ვარ ყველას სისხლისგან…
არც ხელებს ვიბან პილატეს მსგავსად,
არც უფალს გავცვლი იმ ვერცხლის წილად
როგორც იუდამ ამბორით გასცა…

არც რაინდი ვარ, რომ სერვანტესის
დონ კიხოტივით ტრფობას ვეძებდე,
წარმოსახვითი სიყვარულისთვის
ქარს შევეომო, წისქვილს ვებრძოდე…

ის რაინდი ვარ, რომელმაც გულში
ღრმად ჩაიმარხა ღმერთის მცნებანი,
თუკი რაინდი ვიყავი გუშინ
დღეს წარსულს მიაქვს ჩემი ვნებანი…

დღეს სიყვარული მხოლოდ წუთია…
წუთიერია წუთისოფელი…
გუშინ ვცოცხლობდი, როგორ ცუდია
რომ დღეს დამტირის ჩემი მშობელი…

რომ სანთელივით იწვის მბჟუტავი
ღამის წყვდიადში ეს ჩემი ლექსი
და მეც ვეცემი რწმენით უკვდავი,
მაგრამ მოკვდავი, ვით აქილევსი…

2019

მაშინ, როდესაც შინ დავბრუნდები...

 

როგორც ყვავილი, თეთრად იშლება
ცის გუმბათებზე თეთრი ღრუბლები
მარად არა მწამს მე დაბინდება
ვიცი, ერთხელაც შინ დავბრუნდები…

მალე დაათოვს შავ თმებს ფიფქები
წლებიც დადნება, როგორც წუთები
ოჰ, როგორ მზარავს, მზარავს ფიქრები,
მზარავს ფიქრები არდაბრუნების…

ვიცი, ამაო არის ჰგოდებდე
ჰგვემდე ამ სოფელს, ჰგვემდე ამ წუთებს,
როგორც ჰიუგო, როგორც გოეთე
ალბათ, ჟამთასვლა მეც დამაბრუნებს

და ოვაცია, მქუხარე ტაშით
თუ მეგებება გიჟურ ცდუნებით,
დღეს წამიერი არის ეს მარში
ხვალ კი ცრემლები თაიგულების

ისევ დაფარავს პოეტის საფლავს
და ქართლის დედა ისევ იტირებს,
დედა, რომელიც ცრემლებით ნამავს
მთაწმინდის ლანდებს, ლოდებს, გვირილებს…

სადაც აკაკის ხმა ისმის არფის
სადაც ფიქრებში სიჩუმე დაჰქრის,
რომ სითამამე მგოსანთ ხიბლია
შუბლგანგმირული აქ წევს ილია…

გამოიძინეთ საუკუნენო
და ძილს მიანდეთ სახე ფერმკრთალი
ბნელო სიკვდილო, განუკურნელო,
ვიცი, ჩაქრება შენი ნესტარი…

ვიცი, ამაო არის სიტყვებით
ჰგვემდე ამ სოფელს, ჰგვემდე ამ წამებს,
დაე მეც მოვკვდე, ოღონდ მართალი
თუნდაც მტრის თვალში ვჰგავდე ნაწამებს

და მეც თბილ ბუდეს დავუბრუნდები,
როგორც მერცხალთა შავი გუნდები
და მეც გაუხრწნელ ჯილდოს მივიღებ
მაშინ, როდესაც შინ დავბრუნდები.

2004

დარდია ჩემი სიმღერა...

 

დღეს ლექსს არ დავწერ, ვიმღერებ
მთებს გადაწვდება ჩემი ხმა,
განა სიმღერას ვიჩემებ?
ლექსია ჩემი სიმღერა!..
დაე, მარადჟამს ისმოდეს
ხმა სიყვარულის ბგერებით,
რომ ერთ ჯაჭვივით იკვროდეს
მსოფლიოს ყველა ერები…
რომ იყოს ძმობა, ერთობა,
ცაშიც ერთი გვყავს გამჩენი
ყველას რომ გვერგოს ბედ დოვლათ
ამ დედამიწის ნაჭერი…
რისთვის ვომობთ ან ვირჯებით
რა დაგვიშავეს ჩვილებმა
ისე ვიცხოვროთ, ამაგი
რომ დაგვიფასოს შვილებმა;
ისე ვიცხოვროთ, რომ სიკვდილს
ღიმილით ვეგებებოდეთ,
ავარიდებდეთ თავს სირცხვილს
ღრმა სიბერეშიც ვტკბებოდეთ…
რომ ქვეყნად მხოლოდ ისმოდეს
ხმა სიცილის და სიმღერის
გული გულს ტრფობით ელტვოდეს
ამერისა თუ იმერის…
რომ მომავალის გვჯეროდეს
გზას გვინათებდეს იმედი,
რომ ხვალ დღე გათენდებოდეს
ამომავალ მზის სხივებით;
რომ აღარ იყოს ძმათშორის
კაცთსიძულვილის სავანე,
ნუთუ სიცოცხლე არს ომი
და მიწა მხოლოდ სამარე?!..
დღეს ლექსს არ დავწერ, ვიმღერებ
მთებს რომ გადაწვდეს ჩემი ხმა,
განა შაირებს ვიჩემებ?
დარდია ჩემი სიმღერა!..

2021

Saturday, February 3, 2024

THE STATUS

 

ჭეშმარიტება?!- რა არის იგი?!
პილატე ადგა, უხმოდ გავიდა
მას არ შეეძლო ამაზე ფიქრი
მისთვის სხვა იყო ჭეშმარიტება.

– მე ვერ ვიპოვე ამ კაცში გმობა!
ამბობს პილატე გაშლილ ხელებით
– ის კეისარს გმობს! – მას სურს მეფობა!
ბრბოდან ყვიროდნენ ფარისევლები.

– ის ხომ მეფეა იუდეველთა?
– რადა გსურთ მისი სიკვდილით დასჯა?
– ჩვენ არ გვყავს მეფე! – ტაძრის მღვდელებმა
ერთხმად შესძახეს – კეისრის გარდა!

– მაშინ რა ვუყოთ ქრისტედ წოდებულს?
– ძელზე დაჰკიდეთ! – იყო პასუხი.
პილატე ადგა, ძალამილეულს
თავად განსჯიდა მისი სტატუსი.

სასახლის კართან წამით შეყოვნდა,
თვალი შეავლო მის წინ მდგომ სხეულს
– იცი, რომ მე მაქვს შენზე მეფობა?!
ეუბნება ის ზეციერ ცხებულს.

… – არ გექნებოდა, რომ არ მოეცათ
შენთვის ზეციდან ნება მისიის,
მე ქვეყნად მოველ, რომ დამემოწმა
მამის სიმართლე, რწმენა მესიის

– განა არ იბრძვის ხალხი მეფისთვის?!
– ნუთუ, იბრძოლა ვინმემ ჩემს ხსნისთვის?!
– მე მისთვის მოველ ამ წუთისოფლად
რომ დღეს მივცე ხსნა ყოველ ერისთვის…

ეჭვმა მოიცვა პილატეს გული
– ნუთუ, ის მართლა ზეციერია?!
– ამ ამბოხების ერთია – შური
შური, რისთვისაც ამ კაცს ებრძვიან!

და კვლავ გავიდა პილატე ხალხში
– ის არის მეფე თქვენი ერისა!
ბრბოდან აყვირდნენ ფარისევლები
– შენ არ ხარ კაცი კეისარისა!

და შეეშინდა დიდად პილატეს
და სხვა მეთოდით მან ხალხს მიმართა
– ხვალ ზეიმი გაქვთ, ვინ გსურთ გიცოცხლოთ
– ქრისტე იესო? იქნებ – ბარაბა?!

– ბარაბა გვინდა! – მკვლელი ბარაბა!
ისევ აყვირდნენ ფარისევლები,
მაშინ წამოდგა ფეხზე პილატე
და დაიბანა მათ წინ ხელები

და თქვა – თქვენზეა ამ მართლის სისხლი
მე კი თქვენგან ვარ თავისუფალი!
და ჯარისკაცებს გადასცა იგი
რათა ეწამათ მათი უფალი…

და დასცინოდნენ ჯარისკაცები
თვალი აუკრეს, წვერებს აცლიდნენ,
გამოიცანი ვინ დაგარტყაო?!
აფურთხებდნენ და სილას აწნიდნენ.

– იქნებ მეფეო არ გსურს სიკვდილი?
ირონიული თვალებით სავსემ
ერთმა მათგანმა ეკლის გვირგვინი
მეფის ქუდივით დაადგა თავზე

და ზედ მათრახი გადაუჭირეს
შუბლს ერჭობოდა ბასრი ეკლები
და როგორც კრავი, წამოაქციეს
შოლტებს ურტყამდნენ თავგამეტებით…

– არ მოჰკლათ! – გეყოთ! – აქ მოიყვანეთ!
გასცა პილატემ ბრძანება სწრაფი,
და ამბოხებულ ბრბოს წინ შესძახა
– აჰა, შეხედეთ, უბრალო კაცი!

– ნუთუ ეს თქვენთვის აღარა კმარა?
რისხვით აენთო პილატეს გული
– ჩვენ არ გვსურს ქრისტე! – ჩვენ გვსურს ბარაბა!
ძელზე დაჰკიდეთ! – იყო პასუხი.

ხალხის არჩევნით გაოგნებულმა
ძოწით შემოსილ ქრისტეს გახედა
და ამბოხებით შეძრწუნებულმა
უფლის სიკვდილზე გასცა ბრძანება.

– ჭეშმარიტება?! – რა არის იგი?!
თითქოს უსიტყვოდ დარჩა პასუხი…
– ერთისთვის ვერცხლი; სხვისთვის იმედი;
პილატესთვის კი მხოლოდ – სტატუსი.

2007

უდარდელი ბავშვობა

 

ბავშვი იყავი და ჯერ ცხოვრების
მწვავე განსაცდელს ვერა ხვდებოდი
და გიხაროდა, როდესაც მინდვრად
ლამაზ, ლურჯ იებს ეფერებოდი…
ბავშვი იყავი და ჯერ მშობლების
თბილი ალერსის ხვედრით ტკბებოდი
და გიხაროდა დილით, როდესაც
მზის პირველ სხივებს ესალმებოდი…
წლები გაფრინდა… ბავშვობის ხანამ
ცხოვრების გზაზე კვალი დატოვა
და მომავალის უვალმა ქარმა
მჭკნარ ფოთლებივით განგამარტოვა…
…მე დღეს შემომხვდი უეცრად გზაზე
ჰო, დღეს შემომხვდი და ვერ გიცანი,
შენ ხომ ის ბავშვი უკვე აღარ ხარ
ახლა სულ სხვა ხარ ადამიანი.,
სულ სხვა აზრით და სულ სხვა მიზნებით
ცხოვრების მძიმე უღელს ატარებ,
ადრე თუ თვითონ იყავი ბავშვი
ახლა თავადვე უვლი პატარებს…
და გიკვირს, როცა შენი პატარა
მინდვრად ყვავილებს ესაუბრება,
გაკვირვებს მისი ბავშვური ქცევა
და უდარდელი, მშვიდი ბუნება
და მონატრების მხურვალე ცრემლი
შენს თვალებიდან ჩამოცურდება,
ის უდარდელი, ტკბილი ბავშვობა
რომ არასოდეს არ დაბრუნდება…

1996

უსხივოდ...


ახლა გარეთ ყინვაა, მზემც დაკარგა ხალისი
მახსოვს ამ მზის სხივები, როგორ გეფერებოდა
აღარ ისმის შენში ხმა, მიმზიდველი ქარიზმის
არც სიმები გიტარის, გულს რომ ემღერებოდა…

მოვეფეროთ სიყრმის წლებს, ახალგაზრდულ ბგერებით
სანამ მზეა, თორემ ხვალ, უცებ დაგვიზამთრდება
და თუ დღეს გვაქვს სამყარო, ნაირნაირ ფერებით
ამ ფერებსაც ვეფეროთ, თორემ დაგვიანდება.,

ნუ ინახავ შენში ნიჭს, რაც გარგუნა ბუნებამ
მერე რაა, რომ გარეთ წვიმს, ცივა ან ზამთარია,
გაეცი და უკლებლივ უკან დაგიბრუნდება
ცხოვრება ხომ “უსხივოდ” ხანმოკლე ზღაპარია!..

2020


ღამის ლაბირინთებში გახვეული ფიქრები

 

რა საოცარი დარჩა ეს ღამე
თითქოსდა განზრახ მეწვია სტუმრად,
ალბათ, ჩასწვდა ჩემს იდუმალ ფიქრებს
ან მარტოსულის ესმა მას სუნთქვა…

არ ვიცი ღამევ, რისთვის მესტუმრე
იქნებ კი ჩემთვის რამეს თქმა გსურდა,
ვიცი ტრფობის ხარ მესაიდუმლე
და ყველას გეძნობა თან მიგაქვს გულთან,

მაგრამ, თუ წვდები სულის სიღრმეებს
მაშინ გაიგებ ჩემს დარდს და სევდას,
მაშინ მიხვდები, რომ ტრფობა სხვაა
ეს გული კი სხვა გრძნობებით ფეთქავს…

თუმცა ტრფობით კი არავის ვეტრფი
და არც ჩემს გრძნობებს ღვინით არ ვქარგავ,
მხოლოდ დამცინავ ბედთან ჭიდილში
ფრთაშესხმულ ფიქრებს თეთრ ღამეს ვატან

ტკბილი სიზმრებიც კოშმრად ქცეული
გონების ფარდებს აეკვიატა,
თითქოს ამ ქვეყნად დავრჩი ეული
ვისაც ვუყვარდი, მანც მიღალატა…

და მოლოდინი უსაზღვროდ დიდი
კვლავ გაეხვია ღამის ზვირთებში
და სადღაც ქარი გზააბნეული
დაძრწოდა ღამის ლაბირინთებში.

თითქოს, ღამემ ღრმად ამოისუნთქა
გრილი ნიავი მოაწყდა სარკმელს,
უნდოდა თითქოს რაღაც რომ ეთქვა
მაგრამ გულშივე იკლავდა სათქმელს.

დიდხანს ვიყავით დადუმებულნი
მხოლოდ ჩვენს სათქმელს ქარი ამბობდა
და განთიადის ლურჯი ელფერი
თეთრ ღამის წყვდიადს ნელა ალღობდა…

რა საოცარი დარჩა ეს ღამე
თითქოსდა განზრახ მეწვია სტუმრად,
სამარისებულ სიჩუმეს არღვევს
აისის ცივი ნიავის სუნთქვა,

ცისკარის ნიავს ქარიც ერთვოდა
ისმოდა ქარის უშრეტი ქროლვა,
შორიდან მესმა ჩუმი სიტყვები:
– დაბინდდება და ჩვენ ისევ მოვალთ!..

2002

შენი თვალები შეეპყრო ზღვისფერს...

 

მაშინ გიპოვე, როცა პირველად
შენ შეჰყურებდი ზღვის ლამაზ ზვირთებს,
გაკვირდებოდი, გულში მიელვა
გრძნობა, რომელიც სიყვარულს იწვევს.
ზღვის ჰორიზონტზე გემი მოსჩანდა
ბავშვურად მისკენ იშვერდი თითებს,
იღიმებოდი, არც კი იცოდი,
რომ ეს ღიმილი სიყვარულს იწვევს.
უეცრად შენმა მზერამ შემიპყრო…
შენი თვალებიც შეეპყრო ზღვისფერს,
ლურჯ თვალებიდან კრთოდა სიცოცხლე
რომელიც გულში სიყვარულს იწვევს.
გიყურებდი და შენთვის სათქმელად
გულში ვარჩევდი მგრძნობარე სიტყვებს,
მეთქვა მინდოდა: ერთადერთი ხარ,
ვინც ჩემს გრძნობებში სიყვარულს იწვევს!..
მინდა გესმოდეს ხმა გულისცემის
ფიქრებით შენზე რამდენ დარდს იტევს,
შენ გააღვიძე ის გრძნობა ჩემში
გრძნობა, რომელიც სიყვარულს იწვევს…

1996

მე უშენოდ...

 

მე უშენოდ ვეგებები განთიადის
ლაჟვარდ ცაზე მოკიაფე დილის მნათობს,
მახსოვს შენი გამოხედვა ნორჩი ვარდის
და გიშრისფერ თვალთა კრთომა ახლაც მახსოვს

მე უშენოდ მარტოდ ვუცქერ გაშლილ სივრცეს
ცის სიღრმეში მთებს მიღმა რომ მიმალულა,
უცნაური გრძნობით სავსე გული მიცემს
და ამას ვთვლი მე წამიერ სიხარულად…

მე უშენოდ თვალს ვადევნებ ჩამავალ მზეს
მწუხრის ცაზე ნაცრისფერს რომ წითლად სერავს
ზღვის ტალღებში მოქნეული, ვითარც ბადე
ღელავს ფიქრი ჩემი მხოლოდ შენთვის ღელავს

მე უშენოდ მარტოდ ვუმზერ ცის ვარსკვლავებს
ღამით ცაზე ნავარდით რომ ლაღად კრთიან
სავსე მთვარე კაეშანის ცრემლებს ბადებს,
ცრემლებს, ტრფობის ნაზ განცდებს რომ დასცინიან

მე უშენოდ ვეფერები ამ სტრიქონებს
დღეები კვლავ კალენდარის ფურცლებს თვლიან
და თუ ახლაც უღიმღამოდ გამიღიმებს
მხოლოდ შენზე ჩაწერილი რითმებია…

1997

მამის ვარამი

 

ოთახში მკრთალი, კამკამა შუქი
მამას დაღარულ სახეს უნათებს,
ელავს ჭაღარა და ვერვხლისფერი
გადასთამაშებს თმებს და ულვაშებს…

ღია სარკმლიდან სიო ათრთოლებს
თამბაქოს კვამლში გახვეულ ოთახს,
სევდით გათანგულ მამის თვალებში
ცხოვრების მძიმე გზა-კვალი მოსჩანს.

ყელმოღერებულ თიხის კოკიდან
ისევ ივსება ღვინით ფიალა
და მოელვარე შავმა ადესამ
მინის სასმისში გაიწკრიალა…

ჩახლეჩილი ხმა სიჩუმეს სერავს
და გული ღამეს უმჟღავნებს ფიქრებს,
ბოლთას სცემს სიო მამასთან ერთად
და ღამე ითვლის იანვრის ფიფქებს…

ალბათ, ეს ღამეც თეთრად გაქრება
ისევ, როგორიც დღე იყო გუშინ,
მაგრამ, ვინ იცის ის თუ რა ხდება
მშობელი მამის გათანგულ სულში.

2003

ზღაპრებით...

 

მე შენს თვალებით ვერ დავინხავ
უშორეს სივრცეს,
სივრცეს, რომელიც უსასრულოა
და მიუწვდომი
სარკმელთან მდგარი, აწვალებს ბავშვი
პატარა თითებს
და წინ იშლება ფიქრთა სამყარო
ამოუცნობი…
– რას ფიქრობს ბავშვი?! – ნეტავ, ის ასე
რამ გააოცა?!
დედა მივიდა, გულში ჩაიკრა,
თავზე აკოცა
გაჰქრა ფიქრებიც, მწვავე თუ ტკბილი
ვინ იცის ნეტავ?!
– მოდი, ზღაპარი გიამბო შვილო!
აძინებს დედა…
– ზღაპარი?! – ბავშვი ფეხს ითრევს,
არ უნდა ძილი
მისთვის ფიქრების სამყარო იყო
ოცნება ტკბილი
უსასრულოა ბავშვის გონება
და ჩაუწვდომი
სარკმელთან დარჩა გარე სამყარო
ამოუცნობი.
რას ფიქრობს ბავშვი?!  დღეს ის დიდია,
წლები სიბერის გზისკენ მიჰქრიან,
– ფიქრებით?! – არა,
ზღაპრებით მხოლოდ,
ზღაპრებით, რასაც არ უჩანს ბოლო!

2000

როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო...

 

როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო
მინდა რომ სიმღერა გითხრათ წმინდა, სანაქებო,
ჩემი სახლის აივნიდან გიცქერით და ვტკბები
როგორ გშვენით მაგ თეთრ-ღრუბლთა საოცნებო ფრთები!

როგორ მხიბლავს თქვენში ცქერა შევერცხლილი ფერთა
უზარმაზარ მკერდში გულის ვულკანივით ფეთქვა
ლამის ლურჯ ცას მიწვდეს სუნთქვა თქვენი მწვერვალების
მიყვარს, მიყვარს, ჩემ გურიის საამაყო მთები!

აქვე მთებთან მდინარეთა ისმის სწრაფი ჩქერა
ქუხს ჩაქუხა და ჩქერს ბჟუჟი ვნებიან სიმღერად,
ირგვლივ ყვავის ტყე და ველი და იშლება ხედი
გომისმთის გზას ზურმუხტ ფერად მოსავს შემოქმედი! *

მიყვარს თქვენში მზის სხივების საოცარი ტეხვა
თქვენი ჩრდილი სახურავებს ლანდად რომ დაჰყვება
და ამ ლანდთა საიდუმლოს უერთდება ქედი
და ამ ფონზე მძივად მოჩანს ჩემი ოზურგეთი…

როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო
როგორ მინდა ჩემი ლექსით მეც რომ დაგამშვენოთ,
ჩემი სახლის აივნიდან გიცქერით და ვტკბები
ლამის ლურჯ ცას მიწვდა სუნთქვა თქვენი მწვერვალების!

2021

შემოქმედი — wikipedia_შემოქმედი

ეტიუდი პორტრეტიდან

 

მზე ღრუბლებში დანავარდობს
თეთრ ღრუბლებში კრთება სხივი
და მოღრუბლულ თვალებიდან
მომაგონდა მზერა ცივი,
ცივი, როგორც ზამთრის სუსხი
სიამაყე თეთრი გედის,
მახსოვს დღესაც, როგორც გუშინ
ამაყ თვალთა სილუეტი…
და ფრაგმენტი შავ თვალების
ცივი მზერა, მომღიმარი
ისევ რჩება მოგონებად
ვით ღრუბლების ეგ სიზმარი,
ვით ლირიკა სევდით სავსე
ამ რითმებს რომ თან დაჰყვება
პორტრეტიდან შენი სახე
დამდევს ლამაზ ქანდაკებად…
და ნატიფი შენი სახე
ღვთის შედევრი, გენიური,
მსურს, რომ შევქმნა ამ ეტაპზე
შენი სრული ეტიუდი.,
ცივი, როგორც ზამთრის სუსხი,
სიამაყე თეთრი გედის
სევდიანი ფერი ფუნჯის
ცივი მზერა სველ პორტრეტის…
შენ, წინ იჯექ მხატვრის სკამზე
არაფერი განაღვლებდა,
მხატვარი კი დაღლილ ფუნჯის
აწამებდა, აწვალებდა…
მზე ღრუბლებში ნავარდობდა
თეთრ ღრუბლებში კრთოდა სხივი,
თვალებიდან იფრქვეოდა
მზერა ურცხვი, მზერა ცივი,
და ესკიზი, მხატვრის მუზა
შავ თვალებს რომ გასდევს ზოლად
დღეს პოეტის გახდა სუნთქვად
აღწერილი ეპიზოდად…

2000

Friday, February 2, 2024

მინდა იცოდე

 

დრომ გადაცრიცა წერილი იგი,
ერთ დროს წითელი კალმით ნაწერი;
თვალცრემლიანი კრძალვა და რიდი
ნიავს გაჰქონდა, როგორც ნამქერი…
იყო სიშორე; იყო წამება;
იყო სიუტყვე და მდუმარება…
და გადათვალეს ისრით წამებმა
საუკუნენი…  თვით, უკვდავებაც…
და დროსთან ერთად მეც ისევ გპოვე
ზაფხულად მდგარი აგვისტოს კარზე,
აღარ დაგკარგავ მინდა იცოდე
რადგან ორნი ვართ მთელს ქვეყანაზე!

2021

თუ დღეს წვიმს...

 

თუკი ოცნება არ ახდა მალე
თუ იმედები ჩაფერფლა ღამემ
თუკი მოლოდინს აჭარბებს სევდა
თუკი აღმოგხდა ტკივილით – ნეტავ!…
თუკი ცხოვრებამ დაგატყო დაღი
გული გაგიპო, განგგმირა, გცემა…
არ გინდა გქონდეს ვინმესთან ვალი,
არ გინდა სხვისთვის რომ გახდე სცენა…
გულს ნუ გაიტეხ, არ გინდა ცრემლი
და არც სევდაა ცხოვრების ბოლო
მხოლოდ გესმოდეს ვინ არის მტერი
მერე წამოდგე, უნდა ებრძოლო…
ვინ არის მტერი ან თუ მოყვარე?
განა ჩვენივე ფიქრები არა?!
და თუკი ფიქრობ, გრძნობა მოგპარეს
საკუთარ ფიქრებს უთხარი კმარა!
ნუ შეიცოდებ საკუთარ მზერას,
როცა სარკის წინ დგახარ სნეული
მოგონებებში დაეძებ დედას,
ბავშვობის წლებზე მონატრებული…
გახსენი ფარდა, გაშალე ფრთები,
ტუჩზე ღიმილი… ოჰ, როგორ გშვენის,
ოჰ, როგორ გშვენის ზაფხულის ფერი
მტერს რომ გულს უპობს ეს ყველაფერი…
რა ლამაზია დილის სხივები…
წვიმიან ამინდს მხნეობა შვენის,
ცა მოიღრუბლა, შენ იღიმები
პრობლემებს მიღმა სიცოცხლით ტკბები…
ნუ დანებდები, ნუ დაიზარებ
იყავი გმირი საკუთარ თავის
და თუ დღეს წვიმს, ხვალ ხომ იდარებს?!
წინ, მომავალზე გეჭიროს თვალი!

2019

გარეთ ნოემბერია...

 

გარეთ ნოემბერია;
ჩემში ისევ ზაფხული . . .
დღეს ქუჩები სველია,
ქოლგებს ითვლის ბათუმი.
ისევ წვიმანარევი
აიმღვრევა თვალები,
როცა ჩქეფდა ოცნება
იმ ზღვა იდუმალების,
რომელიც მიუწვდომელ
რჩება ისევ ზმანებად,
საით მიჰქრის ცხოვრება,
საით მიექანება . . .
მორევიათ ძილქუში
შეცივებულ ნაპირებს,
ცა შავი და პირქუში
ისევ წვიმას აპირებს . . .
მერე ისევ ქოლგები . . .
და ოცნებაც , . .  ოდეს მე . . .
შემოდგომის ნოტებით
მიჰქრის გიორგობისთვეც.

2021

სხვა არაფერი...

 

ნაცემ ნაპირებს ზღვა არ ასვენებს,
ამღვრეულ თვალებს სილურჯე ელტვის
შენთვის ათას ერთ ღამეს ვათენებ:
მერე რა მოხდა?!.. კვლავ ამას მეტყვი.

მე შენთვის დავკრეფ ცაზე ვარსკვლავებს
და ისე შევკრავ, ვით ყვავილთ შვენის…
შენ კი აიჩეჩ მაგ მხრებს, მაგ მკლავებს:
დიდი ამბავი! – კვლავ ამას მეტყვი.

მე შენ გაჩუქებ მთელ ჩემ სამყაროს,
რაც გამაჩნია, რა დამრჩა მეტი?!
მხოლოდ მინდა რომ გულით მატარო,
სხვა არაფერი! – კვლავ ამას მეტყვი.

2021

Thursday, February 1, 2024

ფოტო სტრასბურგიდან

 

შენ მიდიოდი თვალცრემლიანი
ირგვლივ სუფევდა ზღვა მდუმარების
ხეთა რიგი და ქვაფენილები
თვალს გადევნებდნენ იდუმალებით…

შენ მიდიოდი მარტო, ეული,
თვალცრემლიანი, ვით გაზაფხული…
დღე უსუსური და დიდებული
იმ დღით ასეთი იყო სტრასბურგი…

და გახვეული ფიქრთა ბურუსში
მიაბიჯებდი ქალურ ღირსებით…
შავ ქოლგით ხელში, ტყავის ქურთუკში,
მუხლთან დაჩაჩულ, ცისფერ ჯინსებით…

2021

SAGA PEARL II

 

ზღვა გაშმაგებით აწყდება დამბებს
ცხელ ქვიშას ელტვის სილურჯე ცივი
მე შენი სახე აჩრდილად დამდევს,
ვით ჩამავალი მზის მკრთალი სხივის;
ვით იმ სექტემბრის ცხელი ზმანება;
ხავერდოვანი, გრილი ალმურით,..
სუნთქვად იქეცი ოკეანეთა,
შენში სუნთქავდა თვით ნავსადგურიც…
და იყო ჟამიც დამშვიდობების…
გემბანზე კრთოდა ხმა ეკიპაჟის,
ეფემერული თვითუკვდავების
ბანზე ფრიალებს გემის ნიშანიც…
ჰორიზონტს სცდება ხმა კრუიზეირის,
ხმა გამკივანი, მაღალ ტენორით
და ბათუმს ტოვებს უცხო იმედიც:
“საგა პერლ ორი!”..
“საგა პერლ ორი!”..

2015

გრანელი

 

მზე კვლავ ანათებს გზას შენკენ სავალს…
დღეს მწუხრის დღე მაქვს… ალბათ, გოდების…
ფიქრით დაღლილი, ვსტუმრობ შენს საფლავს
ხელში იებით და მიმოზებით…
ალბათ, საფლავთან მუხლმოდრეკილი
ისევ დამხვდება მგლოვი ზოზია
იქნებ, უბრალოდ დაა კეთილი,
ან იქნებ კიდეც ანგელოზია?!..
რატომ კვდებიან სულნი უკვდავნი?…
ან ასე რატომ იტანჯებიან?…
თუ პოეზია არის უკვდავი,
მაშინ პოეტნი რაღად კვდებიან?…
იგი, ვინც წინათ, თბილისს ახსოვდა,
პარკში, ქუჩებში ობლად გამვლელი…
ამქვეყნად მხოლოდ ერთსა ნატრობდა
პოეტს ჰქონოდა მგოსნის სახელი…
თბილის-უბნების შემოგარენზე
კვლავაც გაისმის ხმა-შეძახილი
მავანი იტყვის – მოხვალ გრანელზე?!..
მავანს არც ესმის შენი სახელი;
მაგრამ, დროს ახსოვს ღამეთ ნათევი
ძილგატეხილი, მშფოთი ფიქრები;
ბნელი ოთახი, მქრქალი სანთელი
სულით მგლოვარე, სველი რითმები…
დროს ახსოვს ცრემლი, სული მდუმარე,
ფიქრით შეშლილი “უცნობ” მგოსანის
იყო დრო-ჟამი, იყო მწუხარე…
და სიმარტოვეც, თვით ფიროსმანის…

2021

ან სხვა რაა, ამ ქვეყნად რომ...

 

როგორ მიყვარს შენს თვალებში
არეკვლილი ჩუმი მზერა,
როგორც სხივი ვარსკვლავების
ცხოვრების გზად ამედევნა;
სად არ ვიყავ, სად არ ვრბოდი,
ცა და მიწაც ავიკიდე…
ვასამარე გრძნობა ლოდით,
მაგრამ ვერა დაგივიწყე.
როგორ მიყვარს შენს ბაგეს რომ
ეპარება ღიმილთ ცვენა,
როცა სუნთქვა განთიადის
მაგ შავ-თვალებს ეტანება…
ან სხვა რაა, ამ ქვეყნად რომ
ერქვას გრძნობას ნეტარება,
როცა მუდამ მის გვერდით ხარ
და რომ მაინც გენატრება...

2022

ჩვენ ერთნაირი გვქონდა ოცნება…

 

ქვიშაზე მჯდომი, ჯიბის წიგნაკით,
შავ ზღვას გავჰყურებ და მაგონდება
ჩვენ ერთმანეთი აქ გავიცანით,
ჩვენ ერთნაირი გვქონდა ოცნება…

წლები დიოდა, სწრაფი ქარები…
შორს გაფრენილი შავი გედებით…
და ჩვენც ჭკნობისკენ მივექანებით,
გზად, სიყმაწვილის სილუეტებით.

1999

დროთა აჩრდილი

 

დრო სივრცეში – სივრცე დროში, თითქოს ვიდექ და იმ დროთა
მე ვიხილე დიაოხი და აია, ძველი კოლხა…
და ეგროსის ნაშენები თითქოს ფეხზე დგას ეგრისიც,
ვით აჩრდილნი, ნანგრევები საუკუნეთ ფერთ რომ იცვლის

იცის, იცის, რომ ვერავინ ვერ უარჰყოფს იმ საუნჯეს
ვერ უარჰყოფს ოქროს საწმისს რაც ლეგენდად კოლხეთს უდევს…
და ვიხილე ძველი მცხეთაც და არმაზი მტკვარის გაღმა;
ფარნავაზის ანბანთ ძერწვა, იბერიის სულის ჩადგმა…

და მეფეთა აჩრდილები; ქართლის ჩქარი გულის ცემა
ქრისტიანობის საწყისში, თვით არმაზის კერპთა მსხვრევაც…
ამ სივრცეში და ამ დროში ისტორია არ მთავრდება
იბერიის კართან მდგომი მახსოვს რომთა გამარჯვებაც…

მახსოვს სისხლი, ერთა ბრძოლა და წუთები “წამების”
რომ აღარ ღირს მოსაყოლად ოსმალო და სპარსეთი…
დასავლეთის საქართველოს ანტიკური განდიდების:
ლაზების და აფშილების, აბაზგების, სანიგების…

ახალი ხმა სახელმწიფოს ისმის პონტოს შავ-ზღვიდან,
სანაპიროებს რომ იპყრობს ანტიკური ლაზიკა;
დღეს ვინ იცის, განა დარჩა სახელმწიფო ქარტია?!
ყველაფერი რომ აღგავა სპარსმა და ბიზანტიამ…

რაღა ვთქვა?! – დრო არ მეყოფა, იყო დროც აღმავლობის:
ვახტანგ მეფის, დავით მეფის, თამარის და გიორგის…
და ვინ იტყვის – რანთა, კახთა, ტაო-კლარჯთა და აფხაზთა
ისევ გვიდუღს სისხლი ძმათა?! ისევ ერთი ძმობა გვმართავს?!..

ეჰ, არ მჯერავს მე ამ ძმობის, თუმცა მინდა დავიჯერო
მინდა მწამდეს ამ ერთობის ჩემო კარის მასპინძელო
მინდა ვიყო ის სტუმარი, სიკეთე რომ მოაქვს ხოლმე
არ მსურს ვიყო იდუმალი, ძმათა შორის ვთესდე ომებს…

იქნებ ოდეს შენ იხარებ, დაივიწყებ წყენას, მტრობას
და ჩვენს ძმობას იზიარებ, ხელს შეუწყობ კვლავ ერთობას
და კვლავ ვიტყვით: მეფე მეფობს!.. გული გულობს!.. კაცი კაცობს!..
ცაზე ერთი ღმერთი ღმერთობს!.. ერთგულების სიტყვა ფასობს!..

და ამ ლამაზ გრძნობის ფონზე გადავფაროთ ისტორია
რამაც ბევრჯერ, თავის დროზე
შავი დაღი იქონია!..

2019

შენ მარტის თვე ხარ...

 

შენ მარტის თვე ხარ, მე დეკემბერი,
ყვავილებით თოვ, მე კი – ფიფქებით,..
შენ ისე ჰყვავი, როგორც ვერხვები,
მე კი თოვლივით თეთრად ვიფქვევი;
შენ ნორჩი მზე ხარ, სხივთა რჩეული
და გაზაფხულის ნაზი სურნელი,
მე კი ამ სხივებს გადაჩვეული,
ნისლად ქცეული თეთრი ღრუბელი.
შენ მარტის თვე ხარ, ჰო, მარტის თვე ხარ,
ხშირად ჯიუტი და წვიმიანი,..
მე კიდევ მკაცრი, ცივ ზამთრის ტყვე ვარ,
თეთრი ვარ, მაგრამ, არა წმინდანი…
მე მაშინ ვქრები, როცა იღვიძებ
და ისევ მოვალ, მოვალ გპირდები,
მოვალ თებერვალს, მარტშიც კი, ვიდრე
ერთ სეზონად არ გადავიქცევით…
შენ მარტის თვე ხარ, მე დეკემბერი,
ატმის კვირტივით ხარ დახატული,
მე კი შავ-თეთრი დამდევს ელფერი,..
ალბათ, ასეთი დამაქვს ნატური…
მე არ ვაპირებ დავას ლამაზო,
ისევ მერევა ზამთრის ძილქუში,
რა ვქნა, ხომ იცი დეკემბერი ვარ?!
ზოგჯერ ძვირფასი, ზოგჯერ პირქუში.

2019

რაც კი მაბადია

 

დღეს არაფერს ვამბობ,
დღეს უბრალოდ მივალ…
ლურჯ სივრცეში მნათობს
დაუდვია ბინა,
ამ სივრცისგან ველი
მე იმ ლამაზ წამებს,
როს ოცნება ჩემი
შენშიც დაივანებს.
ვიცი, ოდეს ნახავ
ამ ლამაზ ბარათებს
შენთვის რომ ვინახავ
გულით ნაკარნახევს
და შენც გახსნი ბარათს,
რაც კი შემრჩენია
რა ვქნა, წერილები
მხოლოდ ლექსებია…
დღეს არ ვამბობ სიტყვას,
დღეს უბრალოდ მივალ
და თან მიმაქვს მუზა
რაც კი მაბადია,
მე კი ძველი მგზავრი
გავუყვები ქუჩებს,
ჩემი ხვედრი ალბათ
დრო და ნაბადია.

1995

დრო და ადამიანი

 

იყო დრო, როცა
დრო ჩაისახა;
დრო დედამ მუცლით
ცხრა თვე ატარა;
დრო გავიდა და
დრო დაიბადა,
თუმცა დრო იყო
ძალზედ პატარა;
დრო იზრდებოდა
და დრო ფიქრობდა;
და დროს გააჩნდა
რაღაც მიზანი…
განა დრო ფიქრობს?!
არა, დრო არა!
– დროსთან მებრძოლი
ადამიანი!
ვინ ჩასახა დრო
ან ვინ დაბადა;
ან როდის აქვს
მას აღსასრული?!
არავინ ვიცით,
დროს ხომ არა აქვს:
არც დასაწყისი;
არც დასასრული!..

2010

დავითი (ვედრება)



ღამე უძილო ატყვევებს თვალებს
დაშრეტილ თვალებს
ჩუმად გაისმის ხეთა მწკრივებში
ჩურჩული ქარის
და მომაგონდა მეფური სევდა,
სიონის ღამე,
როს სინანულით იმწუხრებოდა
დავითის ქნარი.

ოჰ, დიდი იყო ის სინანული
მეტად ძლიერი,
მეტად ძლიერი, ვიდრე ამ ღამით
ჩემი ვედრება
უცხო ასულის ლამაზ სხეულში
ვნებით ფარული
იმარხებოდა მეფის თვალების
ცბიერი მზერა…

ჩუმად ისმოდა ხეთა მწკრივებში
ჩურჩული ქარის
და ნეტარებაც იბადებოდა
უცხო მკლავებში,
სად იყო მაშინ მეფე დავითის
ლამაზი ქნარი
და ხმა ფსალმუნთა, ჟღერა შორს წასულ
ცის ვარსკვლავებში?!..

და მომაგონდა მეფური სევდა,
სიონის ღამე
და სინანულით დამწუხრებული
დავითის ქნარი,
ხმა ვედრებისა ყრუდ მოესმოდათ
გალავნის კედლებს
ქარი კი სადღაც ლაღად არხევდა
ლიბანის კედრებს…

ღამე უძილო კვლავაც ატყვევებს
დაშრეტილ თვალებს,
ღრუბლით შემოსილ ციდან გაისმის
ხმა ელვარების
ხორცი ცდომილი ცოდვაში შობილ
ჩემს სულს აწამებს
ვიტყვი ვედრებას, ვიტყვი გოდებით
და მღელვარებით
ოღონდ, ისმინე, გთხოვ იეჰოვა*
ჩემი ვედრება!

2002

* ჲჰვჰ, יהוה წარმოადგენს ისრაელის ღმერთის და მამა-ღმერთის საკუთარ სახელს. https://ka.m.wikipedia.org/wiki/იეჰოვა

ისევ ძველი ნოსტალგია მომერია

 

მთვარის შუქზე წითლად ღელავს ნეკერჩხალი,..
ღელავს უტყვად, თითქოს ღამის ნოტებია
ჩემს ფიქრებში ისე დაჰქრი, როგორც ქარი,
დაჰქრი ისე, როგორც დაჰქრის პოეზია…

ნანატრ ფერებს ისევ ქარგავს შემოდგომა
ისევ ძველი ნოსტალგია მომერია
მახსოვს, არყის ხეებს შორის პარკში ჯდომა,
ერთ ღიმილზე გადაცვლილი პოეზია…

ფოთოლმცვენი ხეებიდან მახსოვს თოვა,
ფოთლები, რომ ჩიტებივით სდევდნენ ნიავს
ცნობითსავსე თვალებიდან სხივთა კრთომა
ჰგავდა იმ წამს, ჰგავდა ცოცხალ პოეზიას…

და მეც ამ წამს, ვით ფერწერის დიდოსტატი
დავემსგავსე ამედეო მოდილიანს
ისევ გხატავ, როგორც ჟანას ამედეო,
შენ ხარ ჩემთვის უსასრულოდ პოეზიაც!

2019

იისფერი ღამე თბილისის

 

მე ახლაც მახსოვს ღამის პორტრეტი,
კულისების წინ მოძრავი ფარდა,..
რომ როიალის შავ-თეთრ ნოტებში
იბადებოდა მთვარის სონატა…

სხვაგვარი იყო რაღაც ის ღამე
სევდა უძირო, მრავალის მთქმელი,
იისფერ ცაზე იწვოდა მთვარე
იწვოდა თეთრად, როგორც სანთელი;

ფიქრს მიცემული ვიჯექი მარტოდ
თმებს მიწეწავდა ქარი ივლისის,
მახსოვს მდუმარე მე პეიზაჟი
მთაწმინდის პლატო, ღამე თბილისის

და ღია ცის ქვეშ პატარა კაფე…
ოჰ, მარტოდ ვიყავ, სრულიად მარტოდ…
სადღაც ფიქრებში ვუხმობდი გრანელს,
ლამაზ ფიქრებში დნებოდა ტატო…

რისთვის ამღერდა სული ობოლი
ან რად მიპყრობდა მელანქოლია,
ვის ეკუთვნოდა ჩემი ლექსების
ტკბილ ბგერათა ხმა და ევფონია

– იისფერ ღამეს?! – არა, არ ვიცი
რაღაც სხვა იყო იდუმალ ლტოლვის,
ნაცნობ ქუჩების უცხო ნაპირი
ხმა უდაბური, ხმა მარტოობის…

მე გზას მივანდე ჩუმი ფიქრები
შორით იწვოდა პროფილი მთვარის,
მიმაცილებდა მეფურ დიდებით
ცა იისფერი თბილისის ღამის!..

2000

დგას თებერვალი კდემამოსილი

 

თოვლის კაბაში თეთრად მოსილი,
დგას თებერვალი კდემამოსილი…

მე გულს გავუხსნი, ვეტყვი, რომ მიყვარს!..
ის კი სანაცვლოდ არ დაძრავს სიტყვას…

კვლავ მწვანე მოსავს გაყინულ თვალებს,
ნაძვთა სურნელი დაჰყვება ნამქერს;

ხელს გამოგიწვდი ოცნებით მთვრალი
და შენს სახეზეც კურცხალი მკრთალი,

მემშვიდობება: დამდეგს ზამთრამდის!..
და მეც ჩურჩულით ვამბობ: ნახვამდის!..

2021

დღე, რომელიც შენ გგავს

 

დღე, რომელიც შენ გგავს
ალბათ არის მზიანი,
თავად ჰგავხარ ლერწამს
ამაყად მომზირალის…
დღე რომელიც მე მგავს,
ალბათ ღრუბლიანია
“ვარდი” მშვენი “ეკალს”,
ვფიქრობ უპრიანია…
დღე, რომელიც ჩვენ გვგავს
თუ არსებობს ასეთი
ზოგჯერ ქუხს და ელავს,
უფრო მეტად – ალერსით!..
ვერ აღვწერე ვერა
ჩვენს ხასიათს რომ შვენის:
ან ვართ “ბედისწერა”
ან ღიმილი “გამჩენის!”..

2021

Wednesday, January 31, 2024

ჩვენი ქალაქი (ბათუმს)

 

დღე ჩაიღვენთა როგორც სანთელი
მწუხრის ცა სერავს იისფერ გამას
შორით ბათუმის ბულვარს გავცქერი
სადაც პალმები ამშვენებს ქალაქს

სადაც ზღვის სუნთქვა ერთვის ნაპირებს
სადაც ცას სწვდება ბინათ მწვერვალი
მე აღმავლობა შენი მაკვირვებს
მაკვირვებს შენში “არქიპელაგი”…

რომ ცივილური ფუნდამენტებით
ზღვათა მპყრობელთა დაგსდევს მირაჟი
ძველ, ანტიკური ორნამენტებით
თანამედროვე მინის ვიტრაჟით…

ღამის ნათელი ლამპიონები
კვლავ ანათებენ პერიფერიას
გაჯერებული ვნებით ნოტები
პიაცას ცის ქვეშ იბადებიან…

აქ სიყვარულიც მეტია თითქოს
და უცხოელთა მზერაც მალული
ძეგლად ქცეული “ალი და ნინო”-ს
თავგანწირული ის სიყვარული…

ისევ ღამის ცას შევავლებ თვალებს
სადაც მწუხრის ცას სერავს მნათობი
მე ცად აწვდენილს ვხედავ თაუერს
შორით ამაყად დგას შერატონი…

აქვე ლურჯ სვეტად დგას რედისონიც…
წყვილად დაჰყურებს პროსპექტს ჰილტონი…
შენს სავალ გზებად მე მცირეც მყოფნის
გინდ რუსთაველი; ბაგრატიონი…

აქვე ცენტრალურ პარკის ხეივნებს
ნურის ტბა თითქოს ზღაპრებს უყვება
ყვავილით შემკულ რკინის აივნებს
ვიწრო ქუჩების ხედი უხდებათ.

აქ ქვად დაფენილ მოხატულ ქუჩებს
ისევ ღრმა ძილით სძინავთ მეფურად
დეკორატიულ ხეებს და ბუჩქებს
ამკობს ქალაქის არქიტექტურა…

და მეც ვიფიქრე, თითქოს ედემმა
ისევ გამიღო სამოთხის კარი,
შემოსარტყლულმა შენმა ქედებმა
როს სულს დაატყო თავისი კვალი

და მეც ამ ღამით ავმღერდი შენთვის
ვით შენში ისმის ხმები კაპელას…
ბათუმის თეატრს რარიგად შვენის
მზერა, რომელიც თან სდევს შადრევანს

სადაც ნეპტუნი ღვთაებრივ ჟესტით
ოქროს სამკაპით სკვერს რომ გაჰყურებს,
აქვე იშლება ბულვარის ხედიც
ზღვისკენ მივყავართ ღამის ნათურებს…

და ამ ზღვის ფონზე მე ნავსადგურის
მესმის გუგუნი თეთრ კატარღების,
აქ სულ სხვა არის სუნთქვა ზაფხულის
აქ სულ სხვა არის ლურჯი ტალღებიც…

აქ პოეზიაც თითქოს სხვა არის…
და შთაგონების წყაროს სამყარო,
რარიგად გშვენის ნათება მთვარის
ბათუმო ჩვენო, ჩვენო ქალაქო!

2019

ტფილისის ხედი

 

ქარი მშვიდი, უტეხი,
მტკვარს ედება ონავრად
სუნთქვა ძველი მეტეხის
ისევ ამკობს გორგასალს.
დარბაისლურ სიდინჯით
დუქნებს ხატავს ნიკალა,
უჩვეულო სიმშვიდით
მდუმარებს ნარიყალა…
ძველი რიყის ნაპირებს
შერჩენიათ სილაღე,
ღამის ტფილისს, აივნებს,
მთვარე ამკობს დილამდე;
აქ ჩვევიათ ქსოვრელებს
დოლ-დუდუკის კვნესება,
ღვინის ტიკი; მტკვარზე ტივი
ნაკადს ეალერსება…
აქ იგრძნობა მაჯისცემა
ქართულ-დარბაისლური,
სატრფიალო ტაშისცემა
მიჯნურობა ქართული…
ივერიის სხივით თბები
ამომავალ დილის მზის,
ვის არ უყვარს შენი ხმები
საოცნებო ტფილისის!.. 

2021

საუბარი წარსულთან

 

ამ საღამოსაც ნისლად, რაღაც ბურუსის მსგავსად
სახე გამოჩნდა მკრთალი, ღრუბლებნარევი თმებით…
თითქოს ვიყავი სიზმრად, და ორეული განცდა
ეხეტებოდა მთვრალი ამოუცნობი გზებით…

და მე ვიცანი იგი… როგორც წარსული ყოფა,..
გაორებულად მზირი, თითქოს ღრუბელთა ველზე…
ამაო არის რიდი, ვით უსაფუძვლო ნდობა
და მეც უარვყვე ფიქრი, ფიქრი შორეულ წლებზე.

ხვალ საღამოსაც ალბათ, ისევ ვიხილავ სახეს
და ისევ მეტყვის: მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ წარსულს!..
მე კი პასუხად ვეტყვი და შევუბრუნებ სათქმელს,
რომ საუბარი წლებთან არანაირად არ მსურს!

2021

წერილი დედას

 

ძალა არ მყოფნის, რომ ვთქვა – მიყვარხარ!
ვინ თქვა – ასეთი აღმზარდე შვილი?!
ჩემთვის მშობელი დედამიწა ხარ,
მე შენთვის ისევ პატარა, ჩვილი…

დრო გაივლის კვლავ მოგეგებები
კვლავ დაგიკოცნი ჩამომჭკნარ ლოყებს,
განა, ჩვილი ვარ?! – დედა, ვბერდები,
მეც აღარ ვჰგავარ იმ ლამაზ ყლორტებს…

გახსოვს, რომ მტკიცედ იდგა ჩვენს ბაღში
ტან-აშოლტილი ლაღი გულაბი?!
მახსოვს ის წლები, ვიყავი მაშინ
სწორედ ისეთი ლაღი, გულადი…

და სადღა გაჰქრა ის წლები ნეტავ,
ან რად შემტკივა წარსულზე გული?!
როცა თამამად ვიტყოდი – დედა,
შენ ხარ ჩემი მზე და სიყვარული!..

ძალა არ მყოფნის, გითხრა – მიყვარხარ!
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვბედავ…
და კვლავ წერილით გესაუბრები:
დედა როგორ ხარ,როგორ ხარ დედა?..

ვიცი, რომ გულში შენც მსგავსად ფიქრობ
და ამაყი ხარ შენი შვილებით,
გულში ათასჯერ გეტყვი – მიყვარხარ!
მაგრამ, ხმამაღლა ვეღარ გპირდები…

2019

როდესაც შენში იღვიძებს მარტი

 

მე მიყვარს, როცა იღვიძებს მარტი
მიყვარს ყვავილთა წითელი თოვა,
მიყვარს, როდესაც ამბორით ქარი
გძარცვავს, გიკოცნის სველ თვალებს
მორცხვად…

მე მიყვარს შენში ოცნება ზამთრის,
ზოგჯერ რომ გიწვდის გაყინულ თითებს;
შენ ისევ ისე, ვით “რიდი ქალის”
ჩაიღიმებ და თავს აარიდებ…

მე მიყვარს სწორედ ეგ ჩაღიმება…
(ბევრსაც უცდია მოეგო გული)
შენი სუნთქვა და, და გარინდება
ისე წრფელია, ვით გაზაფხული…

მე მიყვარს როცა იღვიძებს შენში
მარტის სურნელი და სილამაზე,
როცა ნიავი ნავარდობს თმებში,
და როცა მარტის გდევს სითამამე…

მე მიყვარს შენში სიცელქე მარტის,
გხატავს ბუნება თვით საოცრებით
და როგორც ზამთარს, მეც შემიყვარდი,
მეც შემიყვარდი ჩუმი ოცნებით…

2021

თუკი ოდესმე სტუმრობ იმერეთს

 

თუკი ოდესმე თვალი მოგიკრავს
შორს ტრამალებზე კოლხეთის დაბლობს
ქარი მაშინვე ქროლვით მოგიტანს
რიონის სუნთქვას, ლექსად ნაამბობს;

ჩურჩულით გეტყვის რომელ მხარეა
ტკბილი სიტყვებით ლექსად გიმღერებს,
აქ თვით გენიაც საჩუქარია
აკვნიდან რომ სდევს ზღაპრულ იმერეთს…

აქ მეგობრობაც საამურია
და სულ სხვა არის მხარეც დიადი,..
აქ შენობებიც სხვა აგურია;
ერიც მოყვარე; გულად; ზვიადი…

აქ წინაპართა აჩრდილებია;
აღმაშენებლის ტახტის სათავე,
მტერს საზღვრებზეც კი არ სძინებიათ
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე…

და თუკი ოდეს სტუმრობ იმერეთს
არ დაივიწყო მისი ლაზათი
მის მთებს, მის ბორცვებს, ქედებს, მის ველებს
სტუმართ-მოყვრული მოსდევთ ადათი…

და თუკი ოდეს ჩემებრ იმღერებ
ნუ გაიკვირვებ, ნუ დაყოვნდები,..
ეს შეუძლია მხოლოდ იმერეთს
ამოუცნობი თვითშთაგონებით…

2021

ALLEGORY

 

მაკვირვებს ზენა, სიჩუმე ზეცის
ელვით მოსილი ნათება ტრამლის
მე ჰომეროსის სკიპტრი ვარ ზევსის
ან იქნებ მითი, აჩრდილი ღამის…

მე არვინ არ ვარ, ლანდი ვარ დღეთა
წამით შეშლილი ნოტა, ზმანება…
მიქელანჯელოს ღაღადებს ფრესკა
და წამებს ითვლის სიქსტეს კაპელა.

იყო განკითხვა… და მოლოდინში
კვლავაც ქრებოდა თითქოს ედემი
და ლოტის ცოლის ქვის მონოლითში
მე დავინახე ქრისტეს ცრემლები…

მე დავინახე ცრემლებიც ლოტის…
ერთ დროს მგზნებარე, ვნება, პათოსი,
ვით სვეტი, თან სდევს ცოდვიან მოტივს
სუნთქვა ჰადესის, სრული ქაოსი.

მე დავინახე თვით უკვდავება,
როცა ჩავხედე ქრისტეს თვალებში;
აუტანელი კვდომა, წამება,
თლილი სამარხი კლდის სამარეში…

დღეს ცარიელი დამხვდა აკლდამა,..
იქვე ვიდექი კლდესთან დუმილით
ამბიციურად დრტვენდა სატანა
ერთ დროს დიადი ზე-ქერუბიმი

და დავინახე მისი დაცემაც…
ბევრიც ვიხილე ხილვა ღვთიური,
მე იეშუას ვნახე გაცემაც
და ღვთის საუნჯეც მარადიული.

მე არვინ არ ვარ, მითი ვარ მხოლოდ
დღეს რეალობად წუთით აღქმული,
კაცობრიობის მაკვირვებს ბოლო
და ცოდვა ჩჳენნი ძელზე გაკრული…

მაკვირვებს ზენა, სიჩუმე ზეცის
საუკუნეთა ათვლა განგების
და მეც ვიხილე სასჯელი გეენის
ტრიუმფალური ზე-გამარჯვების!

2019

მე და პოეზია


ვეცადე ჩემს სცენაზე სოლო მეთამაშა
(ბევრიც სხვას თამაშობს,.. სხვისი ნომერია…)
განა მხიბლავს ტაში, ხმამაღალი ვაშა?!
– უბრალოდ ვმეგობრობთ მე და პოეზია.
ზოგჯერ არ ამართლებს როლი მოლოდინის,
თუმცა, დუბლი ჯერზე, დუბლად “ნობელია”
თუკი კალმით ვხატე, ვქარგე  გობელენი
განა მარტოდ ვხატე?! – არა! – პოეზიამც!
ცხოვრებაა ვისთვის მძიმე სიუჟეტის
ან ვისთვისაც კიდეც მწარე კომედია…
არ ვთამაშობ დრამას, არც შექსპირის ჰამლეტს,
პიესაა მხოლოდ: “მე და პოეზია”.
არტისტულ ნაბიჯებს ყვავილთა კვალი სდევს,
მაგრამ, ეს სვლა წლებთან მხოლოდ მომენტია;
მგოსანთ საფლავზეც კი მსგავსნი ყვავილნი დევს…
იცის რასაც ვამბობ, იცის პოეზიამ.
დღეს დუელში ვიწვევ… მაგრამ, ვიცი მომკლავს;
ის ხომ ჩემს სულშია, ავტოპორტრეტია…
ამ ცხოვრების გზაზე კვლავაც ვაწყობთ დუეტს:
მე და პოეზია, მე და პოეზია!

2022

მწვანე კონცხის სანაპირო


მე შენი ხმა მიყვარს ჩუმი,
ჩუმი, როგორც ეს რითმები
ლურჯი მზერა და ზაფხულის
სველი, შავი ნაპირები…

მიყვარს მწვანე კონცხის სუნთქვა
სუნთქვა მშვიდი, სუნთქვა ნაზი,
ნაპირს რომ სცემს ჩუმად, ჩუმად
ზღვის ტალღების რეზონანსი

მაგრამ, უცებ გარინდული
ზღვა წამიერ აენთება,
არვინ იცის, ვერვინ ხვდება
თუ რად იპყრობს ზღვას ეს ვნება

აქაფებულ ტალღებს მაღლა
ზღვა იდუმალ აიტაცებს
და მეც თითქოს ლურჯ ზეცისკენ
გამიტყუებს, გამიტაცებს…

სხვა გრძნობები პოეტს ვერ ვნებს
ისე, როგორც სევდა ლურჯი,
ოცნების ზღვა ფიქრით სავსე
ნაპირთაგან გარიყული…

და ეს მწვანე საიდუმლოც
გარს რომ ერტყმის არე-მარეს,
მოჰფენია შეღამების
ლანდი დაღლილ ბუჩქნარს, პალმებს

მზე კი თითქოს თავის ნავით
შორს მიცურავს გაშლილ ზღვაში,
როგორც მაშინ… როგორც მაშინ…
როგორც იმ თვეს, რჩეულ მარტში.

მწვანით მოსილ კონცხის პირას
ვზივარ, მიპყრობს ლექსთა წყლული,
საღამოა, ზღვიდან ისმის
თოლიების ჟრიამული.

1998

გალაკტიონი (ელეგია)

 

საფლავში გძინავს მეფური ძილით
შენი ქნარის კი კვლავ ისმის ჟღერა,
მწვერვალებს მიღმა ოცნება ტკბილი
ბიუსტს დაჰყვება, ვით მოჩვენება.
მთაწმინდის მთვარე ვარდისფერ გზაზე
კვლავაც ვერცხლისფერ საბანით გმოსავს
აქ შენთან ახლოს, სხივით ელვარე,
ბარათაშვილის საფლავი მოსჩანს.
თითქოს მქუხარე, შენი მჭექი ხმა
ისევ აცოცხლებს ღამის პანთეონს
და შთაგონებულ ვნებით ტაშისკვრა
დღეს კვლავ ჩაესმის მთელ საქართველოს!
“არტისტულ ყვავილთ” სდევს კოსმოსური
ამოცანათა იდუმალება,
ვით საიდუმლო, ბნელით მოცული,
ვით სევდიანი თეთრი ზმანება…
ჟამი ლეგენდურ  გამონათების
ოდეს ცაში რომ პყრობდა მნათობებს
კვალად ატყვია ცისფერ ლანდების
გარდაცვალება და სიმარტოვე…
ნუთუ სიცოცხლემ ფრთები აკეცა,
ვით მომაკვდავი მეფის და ლომის?!..
არა, პოეტი ასე არ კვდება,
კვლავაც ლექსს იტყვის გალაკტიონი!

2021

დოროთი

 

არის ოცნება და არის ფიქრი
და მოგონებაც არსებობს მწვავე
შენ არ ოცნებობ ამჟამად ვიცი,
ვიცი, ოცნებას როგორ ეწამე…

როგორ ეწამე ზეციურ ხომლებს
ვარსკვლავთ-მოჭედილ ციან-ნათებას
კვლავ მდუმარებით ატლანტის ჰგოდებს
იმ ოკეანის იდუმალება…

წუთით მოიცავს ფიქრებს უკუნი…
დოროთის მზერა, სავსე თვალები…
ოცდაორს ითვლი… თითქოს უფსკრულში
ახალგაზრდობის წყდება კადრები…

და გაზაფხულის იმ დღის აპრილი
კვლავაც რომ შენში კოშმარს აღვიძებს
ყინულოვანი თვალთა აჩრდილი
ისევ მიგიჰგავს ცისფერ აისბერგს…

***

ნიუ-იორკისკენ იძვრის ხომალდი
გემბანზე ისმის მგზავრთა ფუსფუსი
გემს მიაცილებს პორტის ლოცმანი
საუთჰემპტონის ძველ ნავსადგურში;

საბედისწერო იყო მარშრუტი…
და ათასობით მგზავრის ოცნებაც,
რომ იმ აპრილის ცივ გაზაფხულის
აღარა რჩება სხვა მოგონება…

ხომალდზე თითქოს სიცოცხლე სუფევს
ისმის ფრანგული და ბრიტანული
გამცილებლები აქნევენ ქუდებს
ხარობს შერბურიც და კვინსტაუნიც…

***

და ოკეანის ოთხი დღის სუნთქვა
კვლავ მიაქანებს შავ-თეთრ ლაინერს
შეუმჩნეველი იმ ღამის ცურვა
აჩრდილად დასდევს თითქოს აისბერგს…

თითქოს ტალღები თავის მსხვერპლს ითხოვს…
დრო აჭარბებდა მაშველთ მოლოდინს,
მეც კაიუტის იმ ზღურბლზე თითქოს
სახე-შეშლილი ვდგავარ დოროთი*…

დღეს იმ კაბინეტს უჩუმრად ვაღებ
სადაც შეშლილი თვალებით ზიხარ
პასუხს ამაზე ნეტავ ვინ აგებს
ვინ აგაშორებს სიგიჟის ნიღაბს…

ცხოვრება ისევ გრძელდება ცის ქვეშ
დრომც მოგიშუშა ბევრი იარა
დღეს დიდი ლოდი საფლავზე გიდევს
მიწამ მიგიღო ადამიანად…

ბევრს ოკეანის ფსკერზე დღეს სძინავს
ბევრიც იპოვეს სწორედ იმ ადგილს,
სადაც დაედო ბინა კაპიტანს
და ლეგენდარულ ხომალდ ტიტანიკს…

2019

*დოროთი გიბსონი ერთ-ერთი იყო იმ გადარჩენილთა შორის, რომელმაც ხომალდ ტიტანიკის მსხვრევა განიცადა. გადარჩენილთაგან არაერთმა დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე.დოროთი გიბსონი წლების მანძილზე ებრძოდა პოსტრავმული სტრესით მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს. გარდაიცვალა 1946 წელს 56 წლის ასაკში. ტიტანიკის მსხვრევის დროს დოროთი მხოლოდ 22 წლის იყო...

Tuesday, January 30, 2024

ცხელი ივლისი

 

დღეს ჩემს ფიქრებში გასული წლების
ცხელმა ივლისმა გადაირბინა,
მეგობრებს შორის, წამიერ მზერით
ძალა წამართვა შენმა ღიმილმა…

და გასაცნობად გაწვდილი ხელი
წამით რომ შენგან პასუხს ელოდა
ალბათ ვერც მიხვდი, და არც გეგონა
როგორ თრთოლავდა, როგორ კრთებოდა…

მორიდებული, ყმაწვილქალთ შორის
იჯექი უტყვად, თვლემდა დაისი…
მახსოვს, მაგ შავი თვალთა ფერწერით
როგორ ტკბებოდა ცა ქუთაისის…

ეს დღე არ ჰგავდა სხვა გასულ დღეებს
რაღაც სხვა იყო, გრძნობა ნეტარი,
შენ უკრაინის სუნთქვა დაგქონდა
მე მხოლოდ შენი სუნთქვა, ნესტანი!

შენ საქართველოს სტუმარი იყავ,
მე შენთვის უცხო, ელჩი, დესპანი…
უთქმელი დარჩა ათასი სიტყვა
ჯერ არ შემდგარი იმ პაემანის…

დრო გადიოდა, სევდა მალული
იძირებოდა გრძნობათა ხევში,
დავიწყებული ის თაიგული
თითქოს მე დღესაც მიჭირავს ხელში…

ისე მიჭირავს, ვით ხელი შენი
მეჭირა მაშინ, როცა ვნატრობდი,
მახსოვს განვლილი ის ორი წელი
თითქოს ორასი თვე მარტოობის…

შენი სიჩუმე, შენი ღიმილი,
ცნობისმოყვარე შავ-თვალთა მზერა
ისევ რჩებოდა მიუწვდომელი
ვით ზეცისადმი ჩემი ვედრება…

ეს ყველაფერი ტკბილ სიზმარს ჰგავდა
შეზავებული მწარე სასმისით,
მეც სოლომონის ვიგრძენი სევდა
მეფური სევდა შულამელისთვის

და მეც გიძღვენი ქებათა-ქება,
როგორც მშვენიერ, თავადის ასულს
გალაკტიონის მახსოვს ოცნება
როცა იხსენებს ის მერის წარსულს

თუმცა ეს ხვედრი ნამდვილად არ მსურს
რომ გრძნობა იქცეს სულის გოდებად,
თუ ქვეყნად ვიცნობ მშვენიერ ასულთ
მხოლოდ შენ რჩები ტკბილ მოგონებად…

იმ მოგონებად, რომელმაც დროთა
ახდენილ ფიქრთა შეისხა ფრთები,
თუ პოეზიის დღეს ისმის ნოტა
მხოლოდ ლამაზი სუნთქვაა შენი.

2016

ღამის სიჩუმეში

 

ღამის სიჩუმეში
შენი გულისცემა
მესმის, ვით საათის
წყება ნაბიჯების
უკვე გვიანია
შენი დავიწყება,
უკვე დროს მიეცა
ხსოვნა დავიწყების…
ჩარაზულ კარიბჭეთ
ქარი ეჭიდება,
მთვარის შუქზე ელავს
წითლად ლიანები,
როცა გძინავს, მაშინ
კოცნაც მერიდება
გზას მირევენ შენი
სუსტი ყვრიმალები…
ქუჩის ლამპიონებს
ძილი გაკრთომიათ,
თეთრად ათენებენ
ღამეს მეათასედ,
მე კი მეათასე
დღეც ჯერ არ მქონია
შენთვის არ მემღეროს
კარგო ქვეყანაზე!

2020


იანვარის თვე დამდგარა; თეთრი ღამე; ფიქრებით…


იანვარის თვე დამდგარა; თეთრი ღამე; ფიქრებით…
გაყინულა პოეზია, გაყინული რითმებით…
ჩაფერფლილა სულში მკვდარი ოცნებითი გენია,
ვიღაც მკითხავს: “პოეტი ხარ?” ვეტყვი: რომ თქმა ძნელია!

ვეტყვი, რომ მწამს პოეზიის შინაგანი სამყაროს;
ფურცელი, ვით გობელინი, მსურს რომ სულით დავქარგო…
ვიცი, ალბათ სიგიჟეა, როცა თოვლს ვეფერები,
თან უდაბნოს მცემს სურნელი თეთრი ეფემერების…

სხვა რა არის პოეტობა?!.. იქნებ ბევრსაც ვერ ვწვდები;
იქნებ ის, რომ დამჩურჩულებს ფოთოლმცვენი ვერხვები;
იქნებ ის, რომ ხავერდ მოლზე ტირის ნაზი ტირიფი;
იქნებ ის, რომ შენ თვალების მომწონს თბილი ღიმილი;

როგორ მინდა ამ ღიმილმა რომ გაათბოს სამყარო;
როგორ მინდა პოეზიით ეგ თვალები დავხატო;
რომ თვალებში კვლავ მოსჩანდეს არეკვლილი იები;
რომ ვარდივით თავს გიხრიდნენ თეთრი კამელიები;

და იისფერ ღამეს თეთრად სდევდეს თოვლის სურნელი;
რომ ოჯახურ იდილიას შვენის თბილი ღუმელი;
და კვლავ ენთოს ცაზე მთვარის ცივი მზერა ირიბი;
რომ არასდროს არ განელდეს მაგ თვალების ღიმილი…

იანვარის თვე დამდგარა; თეთრი ღამე; ფიქრებით…
გაყინულა პოეზია, გაყინული რითმებით…
ქუჩის შუქი ფანჯრებიდან კედლის კუთხეს დანათის,
სიჩუმეში ყრუდ გაისმის მაჯისცემა საათის…
ჩაფერფლილა სულში მკვდარი ოცნებითი გენია
და ამ სულის სიჩუმეში ქადაგებს პოეზია!..

2021

ალბათ, ახლა მოგონება შემშლის

ვის არ უყვარს თოვლი, თუნდაც ერთხელ, როცა ფიფქებს ირგვლივ აფრქვევს ფენად?! წლები გადის, უკვე ვარჩევ ფერებს, დღეს შავ-თეთრი ვამჯობინე ფერადს. ...