ციტატები, ფრაზები...


აზროვნება საჭის მართვას ჰგავს; ან მშვიდად დადიხარ, ან პრობლემებში ეხვევი


მოუთმენლობა ასამარებს სიმართლეს, მომთმენს ესმის დროის ფასი.



სილამაზის აღქმას დრო სჭირდება, ნაჩქარევი მხოლოდ ილუზიაა...



სიკეთე, რომელიც დაგაყვედრენ, ღვთისგანაა ნაბოძები;
არავინ გვაყვედრის სიკეთეს, რომელიც გულით კეთდება.



ნუ დააჩქარებ სათქმელს; ენას ჯერ გული კარნახობს, მერე კი - გონება.



გლახაკს ღმერთი ხელს უვსებს; შურიანთ კი - თვალებს...



ღრუბლებიდან ვარსკვლავები არ იკრიფება ისევე, როგორც წარმატებებიდან - სრულყოფილება; ნამდვილი წარმატება, ვფიქრობ, ამ სხვაობის დანახვაში იქნებოდა...



ნაადრევად ნურაფერს დაასკვნი; მეგობრობა არასდროს დაწყებულა მდიდრული სუფრიდან...



თუ უმიზეზოდ მოგიძულეს, ე.ი. ძლიერი ადამიანი ხართ; სიძულვილის ენა, მხოლოდ "სუსტებს" ესმით.



ორ ოპონენტს შორის, თავის მიზანს ხშირად აღწევს “კეთილმსურველი” - მესამე!



ნუ განსაზღვრავ სხვებს დღევანდელი დღით, რადგან ბევრ კეთილშობილ ადამიანს ჰქონია მძიმე წარსული.



იყო ცნობილი, არ ნიშნავს გამოჩნდე;  ღმერთი არ ჩანს, მაგრამ, სამყაროში ყველაზე ცნობილი ფიგურაა.



ნუ შეაყვარებ თავს მას, ვისაც მხოლოდ შენი ღიმილი მოსწონს; გახსოვდეს, ყოველთვის იღიმოდე ეს შეუძლებელია!



არარაობაც კი ღირსებით გადმოგხედავს თუ ხელს შეუწყობ მის ამაღლებას…



ვერავინ გაიძულებს იმაზე ფიქრს, რომ უბედური ხარ, თუ თავად არ გინდა ამის მოსმენა.



ხე ფესვებიდან იზომება; ადამიანობა კი - გულის სიღრმიდან



რა პატარაა დედამიწა, და რა დიდია ამაყი ადამიანის გული



ჩვენ ვამბობთ: "ეს შეუძლებელია!" და რამდენი დაკარგული შესაძლებლობა დგას სწორედ ამ ორი სიტყვის მიღმა



მიზნები, რომლებიც ხშირად იცვლება, სინამდვილეში, არც არასდროს დასახულან!



ნურასდროს განვსჯით ადამიანური ფასეულობებით ...  ჩვენ, არათითსაც კი თითის წოდება ჩამოვართვით, როცა ღვთისგან "ერთგულების ნიშნის" ტარება ხვდა წილად!



ნუ გამოცდით მეგობრებს, მათაც აქვთ უფლება შეცდომები დაუშვან ...



სადაც სიტყვები თავის მიზანს ვერ აღწევს, იქ დუმილი საუკეთესო მრჩეველია.



წარმატება არ ნიშნავს განსაკუთრებულ ნიჭს, აღიარებას, ძალაუფლებას, ფულს ან დიდებას ... იყო ნამდვილად წარმატებული, ნიშნავს, გიყვარდეს ის საქმე, რომელიც შენს მიზნად აქციე.



შეცდომები თავისთავად არ ნიშნავს მარცხს; არც წარმატებები განისაზღვრება დაშვებული შეცდომებით ... კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რაც აფიქრებინებს მათ, რომ ყოვლად უღირსნი და წარუმატებელნი არიან ნებისმიერი კარგი საქმისთვის.



თუ პრობლემებს ღიმილით ხვდები, ე.ი. ტრაგედიის ნაცვლად სტრატეგიას ირჩევ



როგორიც არ უნდა იყოს შენი წარსული, გახსოვდეს, მან გამოგძერწა დღევანდელ დღისთვის



თუ ისეთი რამე დაგაბრალენ, რაც გულში არ გაგივლიათ და ფიქრადაც არ მოგსვლიათ, გიხაროდეთ, რადგან იმ სამსჯავრო სკამზე დაგსვენ, რომელზეც არაერთხელ განუკითხავთ საუკუნეების მანძილზე თვით შემოქმედიც...



თუ გამუდმებით იყურები წარსულში, ფრთხილად, წინ აწმყოა, რომელსაც შესაძლოა ფეხი წამოჰკრა...



კარგი მეგობარი იმ ვალს ჰგავს, რომლის გასტუმრებაც არასდროს მოგინდება...



გინდა ყოველთვის გამტყუნდე?! იმეგობრე ადამიანთან, რომელიც "ყოველთვის" მართალია!..



ნუ შეიჭრები სხვის სამყაროში, როცა არ იცი გზა სად მთავრდება



ზოგჯერ კარს ვუკეტავთ ბედნიერებას, იმის მოლოდინით, რომ ის სხვა კარიდან მოვა.



შური ერთადერთი იარაღია, რომელსაც სხვას უმიზნებ, მაგრამ ტყვია ყოველ ჯერზე შენს ნერვიულ სისტემას ხვდება.



რეალობა ასეთია: რასაც უფრო მეტად ვხედავთ სხვებში, იმავეს ამჩნევენ ჩვენშიც.



ენდე, ოღონდ სულს ნუ გაყიდი



როცა ბედისწერაზე ვსაუბრობთ, სიცოცხლის შემოქმედს ავტომატურად ვდებთ ბრალს იმ მილიარდობით ჯერარდაბადებულ ბავშვის წამებით სიკვდილში, რომლებიც აბორტის შედეგად იქნენ მოკლულნი!..



არც ერთ გამოგონებულ მასობრივ იარაღს დღემდის არ მოუკლავს იმდენი ადამიანი, რამდენიც ედემის ბაღში მომხდარ პატარა ინციდენტს...  ეს იარაღი სიცრუისა და ცნობისმოყვარეობის ნაზავი იყო.



დაუფიქრებლობა ბევრ საფიქრალს იწვევს



არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ (ასეთები, ხშირად ჩვენი მეგობრები არიან); ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც ზოგჯერ არ მოვწონვართ, მაგრამ მაინც ვუყვარვართ (ეს ოჯახია): პირველში თავისუფლება ფასობს, მეორეში კი - ურყევი სიყვარული.



ზოგი ადამიანი სანთელს ჰგავს, იწვის, რათა სხვებს გაუნათოს; ზოგიც სანთლის ალს ჰგავს, რომელიც სანთელთან ერთად ანათებს მანამ, სანამ სანთელი არ გაილევა, მერე კი... მერე უგზო-უკვლოდ უჩინარდება...



მართლები არ იბრძვიან, მათ უმართლოება ებრძვის



ნუ აუვლი გვერდს შენს მოძულეს, რადგან იცი, მისი გული უფრო წრფელია, ვიდრე მლიქვნელთა სიყვარულია.



არამგონია რელიგია იმდენად გვცვლიდეს, რამდენადაც სურვილი ღვთის თვალში სათნო ადამიანებად ყოფნისა!..



ადამიანი ვერაფრით უპირატესობს ადამიანზე, თუ არ ჩავთვლით ცოდვას, რომელიც მასში ბატონობს...



საერთო ერთი რამ გვაქვს ადამიანებს, ერთი დედა გვყავს, რომელიც ვერა და ვერ გაგვიყვია (დედამიწა)



თუ სხვის წარსულს ქექავ, საკუთარი ცეცხლს მიეცი



იმის მოლოდინში, რომ მისთვის მოესმინათ, მან ოთხჯერ მაინც შეცვალა თემა... დაბოლოს მიხვდა, რომ თემა კი არა, მსმენელი უნდა შეეცვალა



მას ქვები ვესროლე... მან ქვის სახლი აიშენა; ქვებს აღარ ვისვრი,.. ქვის სახლს ვიშენებ!..



ბრძენს ტალახი რომც ესროლონ, ის ამ რესურსს სულის განსაკურნებლად გამოიყენებს.



ნუ განმსჯი თუ ჰორიზონტზე შენ მხოლოდ სივრცე შენიშნე, მე კი შევძელი დამენახა უსასრულობა.



გვირაბს ორი მხარე აქვს, ორივეს ბოლო ნათელია., მხოლოდ იმაში დარწმუნდი, შენი გზა რომელ სინათლისკენ მიდის



ჭეშმარიტება მხოლოდ ფაქტები როდია, ფაქტები მოვლენებზე საუბრობს, ჭეშმარიტება კი ის არის, რაც ამ მოვლენებს წინ უსწრებს...



სიცარიელეს არავინ ვებრძვით, ის მაშინ გვამარცხებს, როცა საყვარელ ადამიანებზე ვიმარჯვებთ.



ნუ იტყვი სიყვარულში არ მიმართლებსო, რადგან სიყვარული ხასიათში ბუდობს.



მართალი კიდევ ერთხელ დაფიქრდება სანამ სიმართლეს იტყვის, უმართლო კაცის პირი ღია სამარეა...



პრობლემის გადაჭრის ათასი გზა არსებობს, ასევე არსებობს ათასი მიზეზი იმისა, იჯდე და არაფერი აკეთო...



ზოგჯერ თავგადასავლებს ვეძებთ,.. იმის ძიებაში ვართ, რაც უკვე გვაქვს, და იმის დანახვაში, რაც უკვე გაგვაჩნია, დაბოლოს, ვხვდებით, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც ფუჭად დავკარგეთ, ეს დროა, რომელსაც ვერასდროს დავიბრუნებთ!..



"ცოდნა იმისა, რაც არ გვსმენია, ესეც ერთ-ერთი გულის სენია!"



სიკეთესაც შეუძლია თავის ქება, თუმცა მისი სიჩუმე უფრო მეტის მთქმელია.



ნუ ეცდები მოიყვანო ათასი არგუმენტი მის დასარწმუნებლად, ვინც ერთ არგუმენტშიც კი არ მოგყვა.



ადამიანი იმდენს იწონის, რამდენსაც მისი სიტყვა ფასობს



ისტორია უფრო მეტის მთქმელია, როცა დაშვებული შეცდომები მეტად აღარ მეორდება...



მან სინდისი ღვინოში ჩაახშო, რათა არ შეპასუხებოდა, როცა თავის გულისთქმას იკმაყოფილებდა...



მხოლოდ სარკეს შეუძლია დაგანახვოს შენი ნამდვილი სახე, მაგრამ ის ვერასდროს ჩაგახედებს შენს გულში, დიახ, ის ვერასდროს იქნება შენი ნამდვილი მეგობარი!..



თავი იმაზე მეტად არ დახარო, ვიდრე საჭიროა, ვინმეს ილუზია არ შეექმნას, რომ სკამია...



სიკვდილი რომ გამარჯვებას ნიშნავდეს სიცოცხლისთვის აღარავინ იბრძოლებდა



ნუ გამოედევნები ცარიელ სიტყვებს: დაიღლები, დაიქანცები, ძალები გამოგეცლება და,.. როცა დაეწევი, ნახავ, რომ მართლა ცარიელია!..



ერთი საუკეთესო მოქმედებით ყველას ვერ ასიამოვნებ, თუმცა ერთმა უმნიშვნელო მოქმედებამ შეიძლება ყველა იმედგაცრუებული დატოვოს.



ცხოვრება ის არასრულყოფილი მშობელია, რომელიც თავის შვილებისგან მუდამ სრულყოფილებას მოითხოვს...



როცა ვეცემით და ხელის ჩასაჭიდი არსაიდან არის, ხშირად მაშინ ვფიქრდებით, თუ რა დავკარგეთ ცხოვრებაში.



ერთგულება იმდენად ძვირი გახდა, მის საფასურს მხოლოდ სულით მდიდარი ადამიანები თუ შეწვდებიან...



ჭორისთვის აუცილებელია  სამიზნე, და საერთო მიზნით გაერთიანებული საზოგადოება, რომელთა ცხოვრებაშიც იმ ეტაპისთვის არაფერი ხდება საინტერესო!..



სიტყვები არ ნიშნავს მოქმედებას, როგორც მოქმედება - სიტყვებს; ყოველი მუქარის დაუსრულებლობა მის დასასრულზე მეტყველებს.



გონების ტყვეობისგან გამოწვეულ უსიამოვნო შედეგებს ვირიდებთ, როცა პირველნი ვატყვევებთ ფიქრებს, სანამ ისინი დაგვატყვევებენ...



საზოგადოებიდან სრული იზოლირება სიკვდილის ტოლფასია და არა სიბრძნის



მართლის  ერთი სიტყვა ყოველთვის გადაწონის სასწორზე დადებულ ათას უმართლო თავს



არ დაისახო მიზანი, რომელზეც იტყვი, დავიწყებ, დანარჩენს დრო გვიჩვენებსო!.. - დროს არასდროს მოუხდენია სასწაულები.



იდეალური მხოლოდ არსებობს განწყობა და არა - გარემოება!..



მომიყვანე ათასი არგუმენტი ღვთის არარსებობის შესახებ, და ესეც საკმარისი იქნება, რომ მისი არსებობა ვიწამო. რადგან, რაც არ არსებობს, მასზე არც არავინ დაობს.



განსაკუთრებულობა უმცირესთა ხვედრია, უბრალოდ, ადამიანებს ძალიან გვსიამოვნებს, როცა უმრავლესობა ტაშს გვიკრავს!..



მე ქედი მოვიხარე მისი ნიჭის წინაშე, და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ მას "გენიოსი" უწოდა.



მთელი მსოფლიო რომ თავდაყირა დადგეს, შენ კი სწორად იდგე, ადრე თუ გვიან ყველა ალაპარაკდება შენს "უცნაურ" პოზაზე...



თუ გაგიმეტეს, ესე იგი, სიაში თავიდანვე ეწერე...



მცოდნე ადამიანის პასუხი ზოგჯერ უბრალო ღიმილია, გამოუცდელს კი არ ელევა სიტყვის მარაგი.



ის ჩუმად იყო, არა იმიტომ, რომ არაფერი გაეგებოდა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი...



განათლებას და გაუნათლებლობას შორის დიდ როლს თამაშობს კბილები, რომლებიც ენას აკავებს...



სინდისი ერთადერთია, ვისაც შეუძლია სილა გაგაწნას მაშინ, როცა ფიქრობ, რომ არ იმსახურებ...



უწოდე მას გენიოსი და ადვილად დაიჯერებს; უწოდე მას ბრიყვი და მაშინვე დაგიმტკიცებს თავისი ქცევით, რომ "გენიოსია"...



"სიმახინჯის" სამყაროში, "სილამაზე" მუდამ მსხვერპლია.



ზოგჯერ ერთი ნაბიჯი უკან, ნიშნავს, ორ ნაბიჯს წინ, ამჯერად კარგად ორიენტირებულს.



გაეცი სითბო, თუნდაც მაშინ, როცა ამის საჭიროებას ვერ ხედავ, ის თავისით მივა დანიშნულების ადგილზე.



როგორც ღმერთს არ სჭირდება იმის აღიარება, რომ ღმერთია, ასევე ჩვენც, მის ქმნილებებს, არ გვჭირდება სხვებისგან იმის აღიარება, რომ ღირსების შვილები ვართ. უღირსობის ტიტული ღმერთმა ეშმაკს მიანიჭა და მხოლოდ მას შეუძლია მსგავსი სიტყვებით ადამიანების შემკობა.



დაარწმუნე საკუთარი თავი იმაში, რომ ლამაზი ხარ, და დაინახავ, თუ როგორ მოგაკითხავს შენთვის "საოცნებო" ადამიანი;
დაარწმუნე საკუთარი თავი იმაში, რომ ძლიერი ხარ, და დაინახავ, თუ როგორ მოგეპყრობიან ადამიანები პატივისცემით;
დაარწმუნე საკუთარი თავი იმაში, რომ ნიჭიერი ხარ, და დაინახავ, თუ როგორ მოვლენ შენთან რჩევების მოსასმენად;
დაბოლოს, გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო და არა - სხვებს, რომ შრომა წყალში არ ჩაგეყაროს.



არ არსებობს ყალბი ადამიანი, თუმცა, არსებობს სიყალბის ცნება, რომელსაც იყენებს ის, ვისაც სურს სხვები საკუთარ მარწუხებში მოაქციოს.



ნუ გაექცევით პრობლემებს, მათ კარგად იციან თქვენი გზები



იმდენი დრო გამოუყავი ნებისმიერ საქმეს, რამდენადაც ღირებულია.
(PS. არ არსებობს ჯანმრთელობაზე ღირებული რამ...)



რა საჭიროა შურისგება?!..
ზოგი, მიტევებითაც დამდაბლდება!



სხვების შესაძლებლობებზე ქილიკი იწყება მაშინ, როცა საკუთარში თავდება შესაძლებლობების რესურსები!..



როცა ენა სტყუის, თვალებს სინდისი აწუხებთ...



უმადლო მიწაზე სიკეთე ვერ ხარობს.



თვისებები ექოსავითაა, რასაც გასცემ, იგივე გიბრუნდება.



ხშირად, ერთი გულწრფელი ბოდიში უფრო ბევრის მთქმელია, ვიდრე, გაუთავებელი, ზღვა კომპლიმენტი.



ნურავის მოსთხოვ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია და იმაზე მეტს, ვიდრე ეს დაიმსახურა. რადგან, პირველს ტვირთს აკიდებ, მეორე კი ტვირთს აგკიდებს.



კრიტიკის სფეროშიც კი უნარების ფლობას ნიჭი სჭირდება, რომელსაც, სამწუხაროდ, ბევრი უნიჭოდ ავლენს  საკუთარი თავის და არა სხვების მნიშვნელოვნების ასამაღლებლად!



იშვიათია, ვინმემ გულით გაპატიოთ ის ქმედება, რაც მათთვის მიუღებელია, თუმცა, ადვილად პატიობენ იმ ქმედებებს, რასაც თავად გააკეთებდნენ მსგავს სიტუაციებში!..



თავს ნუ მოიტყუებთ, რეალურად იმდენი მეგობარი გყავთ, რამდენ თავისუფალ დროსაც გამოჰყოფთ მათთან ურთიერთობებისთვის...
(სხვები მხოლოდ კარგ ნაცნობებად რჩებიან!)



თავმდაბლობა არასდროს იხრება ქედმაღალ ადამიანთა წინაშე,.. გამონაკლისია, როცა წაქცეულ ქედმაღალს წამოყენება სჭირდება.
ქედმაღალს არ შეუძლია თავი დაიმდაბლოს სხვების წინაშე, მაშინაც კი, როცა დამდაბლებულს წამოყენება სჭირდება...



დავაში ნუ გამოიწვევ მოკამათე სულს, რომ არ დამცირდე., როცა არგუმენტები ამოეწურება, უმალ შეურაწხყოფაზე გადავა.



იმდენი ფული იქონიე, რამდენსაც გადაწონის შენი ადამიანობა., (ამით თავს აარიდებ ადამიანურ ინფლაციას).



წარმატება მხოლოდ ჩვენი ყოფადობით როდი განისაზღვრება, ის ყოველთვის იყო და იქნება შეუპოვარ და დაუოკებელ ადამიანთა სამიზნე!..



მოკამათე სულისთვის დამცირებაა დავაში დამარცხება;
თავმდაბლობა მაშინაც კი ფასობს, როცა "გათელილია!"

ალბათ, ახლა მოგონება შემშლის

ვის არ უყვარს თოვლი, თუნდაც ერთხელ, როცა ფიფქებს ირგვლივ აფრქვევს ფენად?! წლები გადის, უკვე ვარჩევ ფერებს, დღეს შავ-თეთრი ვამჯობინე ფერადს. ...